http://www.awa.org.ge

ბედისწერის ჯინაზე ...

ამ შემთხვევაში არაორდინარული გადაწყვეტილება მივიღეთ და ჩანახატი მოვამზადეთ არა თავად გრანტის მიმღებ ბენეფიციარზე, არამედ მის არახანდაზმულ პარტნიორზე - ალექსანდრე მეტრეველზე. უნდა მოგახსენოთ, რომ მიზეზი ფრიად სერიოზული და საპატიოა.

ჩვენი გმირი სავარძელზეა მიჯაჭვული. წინათ ფრიად დინამიურ ცხოვრებას ეწეოდა - საკუთარი კატერით ტურისტებს ასეირნებდა და ხშირად უწევდა ზღვაში გასვლა. პარალელურად, გარემონტებაც უხდებოდა და დროთა განმავლობაში კარგად გაერკვია ამ საქმეში. მერე, სამწუხაროდ, ჯანმრთელობამ უმტყუნა და ორიოდე წელი საწოლში გაატარა. შემდეგ კი ნელ-ნელა ძალა მოიკრიბა და ხელი მიჰყო იმას, რაც კარგად ეხერხებოდა - რემონტი გვაქვს მხედველობაში. ნელ-ნელა კატერების პარალელურად, მანქანების შეკეთებაც დაიწყო და მას შემდეგ, ძირითადად, ამ საქმეს მისდევს. მისი პიროვნება სწორედ იმითაა საინტერესო, რომ არ შეეპუა თავის მდგომარეობას - საკუთარი ოჯახის სასიკეთოდ და ბედისწერის ჯინაზე. 

ალექსანდრემ და მისმა პარტნიორმა მერაბ მემანიშვილმა სამიოდე თვის უკან მანქანებისა და მოტორიანი ნავების შემკეთებელი სახელოსნო გამართეს. ხანდაზმულთა ასოციაციამ წარდგენილი პროექტის საფუძველზე მათ გრანტი გადასცა, რომლითაც საჭირო ინსტრუმენტები შეიძინეს.

- ვარემონტებთ ყველაფერს, რაც კი პლასტმასს შეეხება და არა მარტო. - ამბობს ალექსანდრე - კლიენტს არც ნავის შეკეთებაზე ვეუბნებით უარს. დღეში ხან ოცდაათი ლარი გამოდის, ხან ორმოცდაათი. ხანდახან კი დღე ისე გაივლის რომ არაფერი შემოდის. ზოგადად, შემოსავალს არა უშავს - ასე 700-800 ლარამდეა. თანაც მეუღლეც მუშაობს. აქამდე არა უშავს, გვყოფნიდა. ახლა შვილი სტუდენტი გახდა და ვნახოთ. კლიენტები საკმაოდ ბევრი გვყავს და, იმედია კიდევ უფრო მეტიც გვეყოლება. თუმცა, მეორე მხრივ, ხალხი ჩვენთან მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც ავარია ხდება და ავარია, აბა, როგორ უნდა ინატრო?.. (იცინის)

სამომავლოდ ვგეგმავთ წესრიგში მოვიყვანოთ სახელოსნო და უფრო გავაფართოვოთ. უკან კიდევ მაქვს სივრცე და გამოვიყენებთ.

                                                                                                                                                                                      ავტორი: მედეა გოგსაძე

 

 

 სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონშიფარგლებში.

უკან