http://www.awa.org.ge

ქობულეთის სოციალურ სასადილოს ბენეფიციარებს ახალი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია მოემსახურება. 280 ბენეფიციარის კვებაზე შპს „მანიბა“ ერთი წლის განმავლობაში იზრუნებს. როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, ცლილებაა მენიუში, ჩამონათვალს ხილი, სხვადასხვა სახის სალათები და კაკაო დაემატა. გაიზარდა ბენეფიციართა კვების დაფინანსებაც, თითოეულზე 1 ლარი და 70 თეთრია გამოყოფილი. სოციალურ სასადილოში არსებულ ვითარებას დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილზე დააკვირდნენ. „ღირსეული სიბერის“ მონიტორებმა ბენეფიციართა კმაყოფილების, მომსახურების და საკვების მომზადების პროცესს გაეცნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლები პერსონალის მომსახურებას დადებითად აფასებენ. ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ მონიტორები მუნიციპალურ სასადილოს პერიოდულად ამოწმებენ.

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამა ბიუჯეტიდან წელს 170 ათას 777 ლარით დაფინანსდა. დღეისთვის უფასოს სასადილოთი სარგებლობას ოთხი მოქალაქე ელოდება. მათ შესაბამისი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ სამსახურში უკვე გაკეთებული აქვთ.

ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება სოცილური სასადილოს შენობის რეაბილიტაციაც, რომელიც დღეისათვის თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. გამგეობაში ამბობენ, რომ პროექტს ბიუჯეტის ცვლილების დროს შეიძენენ, რის შემდეგაც რეაბილიტაცია დაიწყება.
აქტივობა მიმდინარეობს პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში (პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი)

 

 

უკან