http://www.awa.org.ge

29 ნოემბერს სრულიად მსოფლიო აღნიშნავს ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, რომელიც 2004 წლიდან ქალთა უფლებების დამცველთა ღვაწლისა და მათი უშიშარი ბრძოლის აღსანიშნავად დაწესდა. 

სახალხო დამცველი უერთდება ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს და გამოხატავს პატივისცემას საქართველოსა და მსოფლიოში მოღვაწე ქალთა უფლებების დამცველთა მიმართ. რთულია  დაიცვა სხვათა უფლებები, იყო აქტიური და იბრძოლო თანასწორობისათვის, თუ შენი საქმიანობის გამო განიცდი შიშსა და ზეწოლას, ხდები საზოგადოებიდან გარიყვის მსხვერპლი. 

საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად აღიარებს ქალთა უფლებების დამცველთა განუზომელ წვლილს საყოველთაო დემოკრატიული განვითარების, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრების საკითხში. მსოფლიო მასშტაბით უამრავი ქალთა უფლებების დამცველი განიცდის შევიწროებასა და ძალადობას მათი საქმიანობის გამო, რადგან მათ უწევთ ისაუბრონ ტაბუდადებულ თემებზე, შეცვალონ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული შეხედულებები, დაარღვიონ დუმილი და ისაუბრონ ძალადობაზე, შიშსა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც ქალები ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში განიცდიან. 

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მაღალია გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელი და ძალადობის ფაქტებიც ხშირია. ამიტომ, ქალთა და ქალთა უფლებების დაცვაზე მომუშავეთა უფლებების დასაცავად საჭიროა არსებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ზომების გამოყენება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. მნიშვნელოვანია დაფასდეს იმ ადამიანების შრომა, რომელთაც რისკის ქვეშ უწევთ სხვათა უფლებების დაცვისათვის ბრძოლა. 

სახალხო დამცველი მიესალმება „ქალთა ფონდის“ ინიციატივას ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „კატო მიქელაძის სახელობის პრემიის“ დაწესებაზე, რომელიც  ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, გადაეცემა ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში. 

* კატო მიქელაძე გახლდათ მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი, რომლის თაოსნობით, 1917-18 წლებში ჩამოაყალიბდა რეგიონული ქსელი „ქალთა ლიგა“. ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონის წარმომადგენელ ქალს აერთიანებდა. მისივე რედაქტორობით გამოიცემოდა გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“, რომელიც ასახავდა საქართველოში არსებულ ქალთა უფლებრივ მდგომარეობას და პრობლემების გადაჭრის გზებს  დასავლური გამოცდილების გათვალისწინებით. 

უკან