http://www.awa.org.ge

დღეს, როცა გაბატონებული კულტურა ახალგაზრდობისკენაა მიმართული, ხანდაზმულები მზარდ იზოლაციასა და მარგინალიზაციას განიცდიან.  ხანდაზმულთა სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის, საზოგადეობაში მათი მონაწილეობისა და ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკითხები მსოფლიო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს.  

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 2012 წლის მონაცემებით, საქართველოში საპენსიო ასაკის (60 წლიდან ქალი–65 წლიდან კაცი) 682 900 ხანდაზმული ცხოვრობს. მათი უმეტესობა სიღარიბის ზღვარსაა მისული. ზოგიერთი მათგანი მარტოხელაა, ზოგიერთი მიტოვებულია, ზოგი, მართალია, ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თუმცა მაინც მარტოსულია, რადგან „ტვირთს“ წარმოადგენს ოჯახისათვის. მოხუცები, თითქოს, გამოცდილები და ზრდასრულები არიან, თუმცა მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება.   
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ გამოაცხადა.  გაეროს პრინციპია სრულყოფილი გახადოს ხანშიშესული ადამიანების ცხოვრება და ხანდაზმული ადამიანების მიერ, საზოგადოების ცხოვრებაში შეტანილი წვლილის შეფასებით, მოუწოდებს სახელმწიფოებს ჩართონ ისინი, როცა ეს შესაძლებელი იქნება, თავის ეროვნულ პროგრამებში. იგივე დღე - 1 ოქტომბერი, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 სექტემბრის  N467 ბრძანებულების თანახმად, ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღედ არის გამოცხადებული ჩვენს ქვეყანაში.  
ასაკობრივი დისკრიმინაცია, ძალადობა, გულგრილობა, ბიოლოგიურ ოჯახთან მიახლოებული ფიზიკური გარემოს, მათი ტრიაჟისა და მათზე ზრუნვის სტანდარტების, მათი უნარების, ინტერსებისა (რელიგიური მრწამსი, ეთნიკური კუთვნილება) და შესაძლებლობების (ინტელექტუალური, ფიზიკური) გათვალისწინებით,  ინდივიდუალური მიდგომების, საკანონმდებლო ბაზისა და მათი უფლებების დაცვის ინსტიტუტების არ არსებობა პრობლემათა მცირე ჩამონათვალია რასაც ინსტიტუციებში მცხოვრები ხანდაზმულები განიცდიან. სწორედ ამიტომ საქართველოს სახალხო დამცველი უახლოს მომავალში გეგმავს ამ მიმართულებით მონიტორინგისა და კვლევების განხორციელებას, რის საფუძველზეც მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები, როგორც საკანონმდებლო დონეზე სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის, ასევე ცალკეული ინდივიდუალური უფლება-დარღვევების აღმოჩენისა და დახმარების მიზნით.

 


უკან