http://www.awa.org.ge

გურამი ბაბუა, სათბური და დიდი გეგმები...
გურამი ბალაძე მთელი ცხოვრება მიწას ემსახურებოდა და მადლიერი მიწაც არაფერს უჭირვებდა. მერე კი როდესაც, როგორც იტყვიან, „დედამიწა გადატრიალდა“, ვაჭრობას მიჰყო ხელი. ძალიან წუხს, რომ მიწაზე მუშაობამ დაკარგა ის სტატუსი, რაც ადრე გააჩნდა.
- ხომ ხედავთ, თხილს რა დაემართა! არც ბოსტნეულს დაადგა კარგი დღე; დაავადებებია სხვადასხვა... გემოც კი შეეცვალა. საჭმელს რომ ჭამ, მარტო კუჭის ამოვსება ხომ არ არის - უნდა გესიამოვნოს! - წუხილით ამბობს ბატონი გურამი.
ორი წელია რაც ვაჭრობას თავი მიანება. თავად ასაკს აბრალებს; მე კი უფრო მგონია, რომ მიწა მოენატრა, თორემ ასეთი ენერგიული ადამიანი კომერციულ სექტორში ინდივიდუალურ მეწარმეობას კი არა, უფრო დიდ მასშტაბებსაც თავისუფლად „გაქაჩავდა“. მაგრამ ვისაც მიწა უყვარს, ადრე თუ გვიან, მიწა ისევ დაიბრუნებს. მნიშვნელობა არა აქვს ვისი პირით და რა ფორმით:
- როდესაც ვაჭრობას თავი მივანებე, ჩემი მეზობლის, ნუგზარ ჟორდანიას რჩევით მარწყვით დავინტერესდი და დაფინანსებისთვის ხანდაზმულთა ასოციაციას მივმართე. იქამდე ეზოში ცოტაოდენი მარწყვი მეთესა - მხოლოდ საოჯახო მოხმარებისთვის. მერე ყველაფერში კარგად გამარკვიეს: წელიწადში ოთხჯერ ყოფილა შესაძლებელი მოსავლის აღება. თუკი ჩვენს სათბურს სრული ძალით ავამუშავებთ, 350 კილოგრამამდე მოსავალს მივიღებთ. შესაბამისი სათავსოც გვაქვს და ბუნებრივი წყალიც. პროექტი გასულ წელს გავაკეთე. მერე ოთხიოდე თვე ლოდინი მომიწია. გაზაფხულზე ისე მომიტანეს და ისე ჩამიდგეს ეზოში, რომ სახლში არც კი ვყოფილვარ. მოვედი და ყველაფერი გამართული დამხვდა. ხანდაზმულთა ასოციაციის ძალიან მადლობელი ვარ, ოსტატების გამოძახებაზეც რომ იზრუნეს.
ამ სათბურთან დიდი გეგმები მაქვს დაკავშირებული. როდესაც სრული ძალით ავამუშავებთ, შემოსული თანხა სხვა საქმეების მოგვარებაშიც დაგვეხმარება: აგერ ქათმები გვყავს - კვება და მოვლა ჭირდებათ. სამომავლოდ მე და ბატონი ნუგზარი მეორე სათბურში სამკურნალო მცენარეების გაშენებას ვაპირებთ სარეალიზაციოდ, რაც აგრეთვე დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
                                                            ავტორი: მედეა გოგსაძე სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.    
უკან