http://www.awa.org.ge

„სათბური ჩვენთვის საიმედო დასაყრდენია!..“
ეთერ ჩხაიძეს ძალიან გაუხარდა, როდესაც 2012 წელს მის მეუღლეს სათბურის გამართვა შესთავაზეს. მოხუცებს უკვე ჰქონდათ თავისი ნახელავი სათბური, მაგრამ ქარი ხან იქიდან გლეჯდა, ხან აქედან. ამდენად, ხელის გამართვა ნამდვილად არ აწყენდათ:
- ხანდაზმულთა ასოციაციას ძალიან ვემადლიერებით ეს სათბური რომ გადმოგვცა. ქარს და ქარიშხალს, მადლობა ღმერთს, ჯერ არაფერი დაუშავებია. ჩემი მეუღლე აპირებს ამ ზამთარს ყოველი შემთხვევისთვის კიდევ ზემოთ დაამატოს სამაგრები. მოკლედ, ვართ ასე - სათბური ჩვენ გვემსახურება და ჩვენ კი მას ვემსახურებით. ძირითადად ბოსტნეული მოგვყავს: პომიდორი, ბულგარული წიწაკა და მწვანილი. სათბურის წყალობით მწვანილი მთელი ზამთარი გავქვს. ძირითადად, ორგანულ საშუალებებს, ანუ ცხოველის ნაკელს ვიყენებთ. მესაქონლეები ვართ და ნაკელი ბლომად მოგვეპოვება. ნათესს იმდენად ვერ ვწამლავთ - მეტისმეტად ძვირი ჯდება; ამიტომ მსხმოიარობაც დიდი არაა, თუმცა ჩვენს ოჯახს კი ყოფნის. ოჯახი კი დიდი გვაქვს : შვილიშვილები - შვილები. სულ რომ არაფერი, მოსაკითხადაც სასიამოვნოა; ამდენად, ეს სათბური კარგი დასაყრდენია ჩვენთვის. წელს სხვა დახმარებაც მივიღეთ; ჩემს ქალიშვილს ყავის სახლი აქვს და იქ ბატი-ბუტის შესაწვავი აპარატი დავიდგით.
თუკი დაგვჭირდა, ორგანიზაციაში პრაქტიკულ რჩევებსაც გვაძლევენ. შარშან, მაგალითად, ალუბალი მოიყინა. ერთ-ერთ შეხვედრაზე დავსვი შეკითხვა, როგორ გავზარდოთ ალუბლის მოსავლიანობა-მეთქი და რჩევებიც მივიღე.
ორგანიზაცია სოციალურ დახმარებასაც გვიწევს: მაგიდები და სხვა ნივთები გადმოგვცეს; რაც კი შესაძლებლობა აქვთ, ყველაფერს ალალად გვინაწილებენ. მათი შუამდგომლობით ექიმებიც გვსტუმრობენ და დარიგებებს გვაძლევენ. მე, მაგალითად, თვალზე გადამიღეს სურათი. საოპერაციო ვარ, თუმცა ასაკის გამო თავს ვიკავებ. ასოციაციის ზრუნვით არც ექსკურსიები გვაკლია და არც კულტურული ღონისძიებები. ყველანაირად ცდილობენ რომ ცხოვრება გაგვიხალისონ: გვასწრებენ კონცერტებს, თეატრალურ დადგმებს და სხვა. სწორედ ამიტომ ხანდაზმულთა ასოციაცია აჭარაში ძალიან სახელგანთქმულია.
ავტორი: მედეა გოგსაძე
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.

უკან