http://www.awa.org.ge

ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის და სოციალურ - ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ ქობულეთის მუზეუმთან ერთად ახორციელებს პროგრამას - ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვალდაკვალ“. პროგრამა მოიცავს პრეზენტაციებს, სემინარებს, საინფორმაციო შეხვედრებს, ექსპედიციებს და გამოფენებს სხვადასხვა თემებზე: ხელსაქმის და ხელოსნობის ტრადიციები ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ტრადიციული სარიტუალო ტკბილეული, ლოცვები და შელოცვები, სახალხო მედიცინა, ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციები და სხვა. აქტივობებში ჩართულები არიან ცნობილი ქობულეთელი ხელოსნები, ხელსაქმის ოსტატები, სახალხო მთქმელები, და მკურნალები, კულინარები. პროგრამის მიზანია მათი საქმიანობის და ცოდნის პოპულარიზაცია, ხანდაზმული ადამიანების ინტეგრაციას საზოგადოებაში. ის რომ ხელოსნობის ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს ქობულეთში, ამას არქეოლოგიური თუ ეთნოლოგიური მასალაც მოწმობს. ქობულეთის ტერიტორიაზე ოდიდგან მოსახლე ადამიანის შესაძლებლობის ყველაზე ძველი ნიმუში კინტრიშის ხეობის, სოფელ ქობულეთის ნეოლითის ძეგლია. სოფლებსა და ხეობებში მრავლადაა მიკვლეული კერამიკის ნაწარმის ნიმუშები. ისპანის ტორფნარში ნაპოვნია გვიანბრინჯაო–ადრერკინის ხანის ადამიანის სადგომი. ჩვენი ექსპედიციის მიზანს (ექსპედიციის წევრები: მუზეუმის დირექტორი-რეზო ტაკიძე, ასოციაციის სოციალური მუშაკი ლაშა ჟღენტი, ოფის მენეჯერი ნატო მიქელაძე) უძველესი ტრადიციული საქმიანობით დაკავებული ხანდაზმული მოქალაქეების მოძიება, ფოტო–ვიდეო გადაღება და მათი საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა. სოფელი დაგვა – გოლომანიძე ოსიკო – 76 წლის. მამაჩემი, მევლუდ გოლომანიძე განთქმული ოსტატი იყო სოფელ დაგვაში. სკოლის წლებიდან მახსოვს, რომ მამასთან ერთად ვეზიდებოდი ტყიდან საგოდრე მასალას. მთელი ოჯახი ვიყავით ჩაბმული არც თუ იოლ, თუმცა სახალისო საქმეში. შემოდგომაზე დავამზადებდით წაბლის, თხილის, სუროს მასალას, რომელსაც უშუალოდ კეთების დროს მოვიტანდით, რადგან მასალა ნედლი უნდა ყოფილიყო და ამ დროს იგი იოლად მუშავდება, თანაც არ იყო შორი გზიდან იყო საზიდი. ერთ ზამთარში შესაძლებელი იყო 150–მდე კალათის დამზადება. მამაჩამის გარდაცვალების შემდეგ, მისი საქმიანობა გავაგრძელე, შეკვეთებს ვერ აუდიოდი. მაგრამ სიბერემ თავისი გააკეთა, ოჯახს სხვა შემოსავლები გაუჩნდა, შვილები მეხიდებიან, მე უკვე მოყვარული ხელოსანი მქვია. საუბარში გაირკვა, რომ ბატონი ოსიკო, არამარტო გიდლებს, კალათებს, გოდრებს, არამედ ხის მასალისგან ტრადიციული სასმისებსაც ამზადებს საკონტაქტო ტელ.: 568 974 130 სოფელი დაგვა – კარაპუტაძე შუქრი – 76 წლის. დაგვაში ყველა მიგასწავლით კარაპუტაძეების ოჯახს. შუქრიმ გოდრების ქსოვა ხუთ ათეულ წელზე მეტია, 20–22 წლის ასაკში დაიწყო. ერთი გოდორის დამზადებას სამი დღე უნდება, მასალას დაგვის ტყეში მრავლად მოიპოვება. ძირითადად ველურ თხილზე და სუროზე მუშაობს. წაბლს ერიდება, რომლის მოჭრა აკრძალულია. ,,გოდრებს 50 ლარს ვაფასებ, გააჩნია კიდევ რას შეიძენ, თუ კალათას და გიდელსაც შეიძენთ, მაშინ უფრო იაფად ვაძლევ. მყიდველები კმაყოფილი მყავს, ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ შვილიშვილი აგრძელებს ჩემს გზას“ საკონტაქტო ტელ.: 557 681 468 ენვერ ბაუჟაძე – 76 წლის, სოფელი კობალაური (ქობულეთი) ,, ჩვენი გვარი ხელოსნობის მხრივ გამორჩეულია, მემედალი გემახსოვრებათ, ბრმა კაცი რა სასწაულებს ახდენდა. ხელონები იყვნენ ჩემი ძმაც და ბიძაშვილებიც. შვილმა იმდენი ისწავლა, თოხის ტარის გამოსათლელად ეზოდან არ გავა. სტუდენტ შვილიშვილსაც ეხერხება ხელოსნობა.“ ენვერ ბაუჟაძე ,,ბაბუს ხელიდან რა გამოდიოდა – მაგიდა, სკამი, კარადა, კიდობანი. გოდირი სიმინდისთვის, კალათები კვერცხისთვის, ბახჩისთვის, ხილისათვის, გიდლები. როგორც კი უკეთ გრძობს თავს საქმეს ეშურება. ბაბუას მოქსოვილ გოდრიდან წყალი არ გავა“ შვილიშვილი

უკან