http://www.awa.org.ge

 

მოხუცი და ზღვა
74 წლის ზურაბ ვერულიძე მოწოდებით და საქმიანობით მეთევზეა. პენსიაზე გასვლამდე კი მაშველად მუშაობდა. სიტყვით ვერც კი გამოხატავს, ისე უყვარს ზღვა და თევზაობა; მაგრამ ლურჯმა გოლიათმა ხანდახან სასტიკი ხუმრობა იცის - სამი-ოთხი თვის უკან მოხუცებულ მეთევზეს ბადე მოსტაცა. ბატონმა ზურაბმა ხანდაზმულთა ასოციაციას განცხადებით მიმართა და ორგანიზაციამ მალევე აუნაზღაურა დანაკარგი - ბადის და ახალი ანკესების შესაძენი თანხა გადასცა. ბატონი ზურაბისთვის თევზაობა უბრალოდ ჰობი კი არა, სასიცოცხლო აუცილებლობაცაა. დაჭერილი თევზის ნაწილს თავისთვის იტოვებს, ნაწილს ერთ ვაჟს აძლევს, დანარჩენს კი ყინავს და მეორე ვაჟს უგზავნის თბილისში. ხშირად იმდენს იჭერს, რომ ყიდის კიდეც და თავისი სამყოფი თანხა რჩება. სწორედ ამ აუცილებელი საქმიანობის გაგრძელებაში შეუწყო ხელი ასოციაციის გრანტმა. სამწუხაროდ, ახლა კიდევ სხვა ბარიერი გაჩნდა და ამბის გასაგებად სახლში ვესტუმრეთ.
მასპინძელი თავის პატარა მეგობრებთან ერთად ჭიშკართან შეგვეგება. პანჩომ და ჯეკომ ხტუნვა-ხტუნვით შემოგვირბინეს და, როგორც კარგად აღზრდილ ცუგებს შეჰფერის, თავის ძაღლურ საქმეებს მიუბრუნდნენ. პატრონს კი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი რამ ჰქონდა სათქმელი:
- ხანდაზმულთა ასოციაციის მეტად მადლობელი ვარ; მათ გარეშე ბადის შეძენა ძალიან გამიჭირდებოდა. მაგრამ რად გინდა! პირველ სექტემბერს გამოგვიცხადეს, ვისაც რაცია არ გაქვთ, დღეიდან სათევზაოდ ვეღარ გახვალთო. თურმე ზღვაში გასვლა-დაბრუნება უნდა შევატყობინოთ. წინასწარ მაინც გავეფრთხილებინეთ, რომ შეგვეძინა! ან რა საჭიროა? მობილურები ხომ ყველას გვაქვს! იმასაც არავინ გვეუბნება რა ღირს, სად უნდა შევიძინოთ, ან სად უნდა გავაფორმოთ ეს რაცია. იქნებ ისე ძვირია, რომ პენსიონერი ხალხი ვერც შევწვდებით? ესე იგი სათევზაოდ ვეღარ უნდა გავიდეთ? აგერ 74 წლის გავხდი და მგავსი არაფერი მახსოვს. კომუნისტების დროს ხომ სიმკაცრე იყო - ჩიტიც კი ვერ გადაიფრენდა, მაგრამ ასეთი რამ მათაც კი არ უქნიათ - თავისუფლად ვთევზაობდით. სამი დღის უკან რაღაც გაფიცვასავით ჩატარდა, მაგრამ შედეგი რა იქნება, არავინ იცის. ამდენი წელი მაშველად ვიმუშავე, შვიდი კაცი მყავს გადარჩენილი, ორი პატარა ბავშვი და ხუთი მოზრდილი, ცოდვა არ არის ჩემი ზღვაში არა შეშვება?!
ნამდვილად ცოდვაა! ალბათ დაგვეთანხმებით.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.
ავტორი: მედეა გოგსაძე 

 

უკან