ხანდაზმულთა ასოციაცია „ღირსეულ სიბერეს“ სამი წლის წინ დამკვიდრებული ტრადიციისთვის არც წელს უღალატნია და გაზაფხულის დღესასწაულისადმი მიძღვნილი აქტივობების ფარგლებში 13 ქობულეთელი ხანდაზმული ქალბატონი მეტად ორიგინალურ კონკურსში ჩააბა. „ჩემი მშვენიერი ბებო“ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ხანდაზმულთა რესურსცენტრის“ ფარგლებში წელს მესამედ გაიმართა და სოციალური ქსელების საშუალებით სასურველი კონკურსანტისათვის ხმის მიცემა თითქმის ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც კონკურსის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, სიტყვა კონკურსი მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, თორემ აქ ყველა გამარჯვებულია, რაც მთავარია, „ჩემი მშვენიერი ბებო“ კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქალი ყველა ასაკში ლამაზია...
ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ თავმჯდომარე ნანა კალანდაძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან ხანდაზმულებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი კვლავაც საჭირონი, საზოგადოებისათვის დაფასებულნი და ასაკშიც ლამაზები არიან.
კონკურსანტთა დაჯილდოებას ქობულეთის საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნაილე ლაზიშვილი, კულტურის ცენტრის დირექტორი სოფო მოწყობილი, ესწრებოდნენ. თითოეული მათგანი მიესალმა და გაზაფხულის დღესასწაული მიულოცეს დარბაზში შეკრებილ ქალბატონებს.
კონკურსის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ლექსები წაუკითხა ასოციაციის ბენეფიციარმა პოეტმა ნათელა ჟღენტმა, ორიგინალური ლექსი წაიკითხა ასევე ქობულეთის კულტურის ცენტრის მოსწავლეთა განყოფილების თავისუფალი დროისა და შეხვედრების კლუბ `სიჭაბუკის~ წევრმა ბესარიონ შავიშვილმა.
კონკურსის ყველა მონაწილე ყვავილებით, სპეციალური დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა, ხოლო სამ გამარჯვებულს - პირველ ადგილზე გასულ ლიანა ჯაფარიძეს, მეორე ადგილის მფლობელ მერი ბაჟუნაიშვილსა და მესამე ადგილის პრეტენდენტ ეთერ ჭყონიას მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონია ასოციაციის პარტნიორი - ქობულეთის კულტურის ცენტრის მოსწავლეთა განყოფილების აღსაზრდელებმა მუსიკალურად გაალამაზეს. კონკურსის პარტნიორი გახლავთ ასევე მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“.