http://www.awa.org.ge

მედეა გოგსაძე 

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავეებს ერთიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან ორ წლამდე თავისუფლების შეზღუდვა ელოდათ. პოლიციაში დაკითხვისას მოხუცმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია საზოგადოების აღშფოთება, რადგან შვილიშვილებთან ერთად ხუმრობდა და ეს მხოლოდ მათი საქმეა. მიუხედავად იმისა მართალს ამბობს ქალბატონი თუ უბრალოდ შვილიშვილებს ექომაგება, ამ ინცინდენტმა მოხუცებზე ძალადობის პრობლემა საზოგადოებრივი ყურადღების ფოკუსში მოაქცია. ექსპერტთა მტკიცებით, ეს მოვლენა მთლიანი საზოგადოების სენია და მასში არამარტო სოციალური, არამედ აგრეთვე მენტალური პრობლემები იკვეთება. შესაბამისად, დაბერების სახელმწიფო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაში, რომელზედაც მთავრობა ამჟამად მუშაობს, ეს მიმართულება აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

 

აუცილებელია საპრევენციო მექანიზმების შემუშავება


ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ იურისტი მარი ჟღენტი აღნიშნავს, რომ ხანდაზმულებს უჭირთ ამ თემაზე საუბარი. განსაკუთრებით კი როდესაც ძალადობის ადგილი საკუთარი ოჯახია:

- გვქონდა ასეთი შემთხვევა: ოთხმოცამდე წლის ქალბატონზე ძალადობდნენ შვილი და შვილიშვილი. საშინელ დღეში აგდებდნენ როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად. ერთხელაც ასოციაცია „ღირსეული სიბერეს“ მომართა. ჩვენს შესახებ მუშაკთა მიერ დარიგებული ფლაერიდან შეიტყო. თურმე ტაქსის მძღოლს აჩვენა ფლაერი და სთხოვა - აქ მიმიყვანეო. სასტიკად იყო ნაცემი - გარეგანი დაზიანებები ეტყობოდა და კბილიც კი ამოუგდეს . ამ ფაქტზე ვიდეო სიუჟეტიც დევს ინტერნეტ-სივრცეში. წარმოიდგინეთ, მიუხედავად ასეთი სასტიკი მოპყრობისა, მაინც არ ისურვა საქმეში სამართალდამცავები ჩაგვერთო; მაგრამ როდესაც სასწრაფო გამოვიძახეთ, ექიმებმა პოლიციას მაინც შეატყობინეს. მოგეხსენებათ, ეს მათი მოვალეობაა. ფაქტი სამართალდამცავების და ჩვენს მიერ საფუძვლიანად იქნა შესწავლილი. როგორც აღმოჩნდა, ქალბატონის სახლში ქმრის ოჯახიდან წამოსული შვილიშვილი უწესო ცხოვრებას ეწეოდა და ბებიას არც ერიდებოდა. ქალბატონს არ უნდოდა საკუთარ სახლში ასეთი სიტუაციის ატანა და ამაზე გამუდმებით კონფლიქტი ჰქონდათ. შვილიშვილმა ბებია აიძულა პირველ სართულზე ცხოვრებისათვის შეუფერებელ ოთახში გადასულიყო, აუკრძალა სამზარეულოთი და პირველადი მოხმარების საგნებით სარგებლობა; ლანძღავდა, ხელითაც ეხებოდა. მოკლედ გასაქანს არ აძლევდა.

 

წარმოიდგინეთ, მიუხედავად ყველაფრისა ბებომ საპოლიციოდ მაინც ვერ გაიმეტა. ჩვენ შევეცადეთ დაგველაგებინა მათი ურთიერთობა და შეგვექმნა ქალბატონისთვის ისეთი გარემო, რომ დარჩენილი წლები ღირსეულად გაეტარებინა. შვილიშვილთანაც ვიმუშავეთ; ავუხსენით რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ბებიაზე ძალადობის გაგრძელებას. ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. ბებიას გამოუყვეს კომფორტული ოთახი, საძინებელი, იქვე სამზარეულოც. დაგვპირდნენ რომ ყურადღებას მიაქცევდნენ და უპატრონებდნენ. ცხადია, გარკვეული პერიოდის მანძილზე დავდიოდით და სიტუაციას ვაკონტროლებდით. გვქონდა სხვა შემთხვევაც. ბებია გადაიყვანეს ციცქნა ოთახში, რომელიც საკუჭნაოდ იყო გამოყენებული. რაც კი შესანახი ჰქონდათ, ყუთი თუ რაიმე ნივთი, ყველაფერი იქ ელაგა. ცემამდე საქმე არ მისულა (დროზე ჩავერიეთ), მაგრამ სამაგიეროდ მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ჰყავდათ. ყურადღებასაც არ აქცევდნენ - არ აინტერესებდათ რას ჭამდა, ან რას სვამდა. ცხადია ამ ოჯახთანაც ვიმუშავეთ, გავაფრთხილეთ რომ საზოგადოებას ვაცნობებდით მათი საქციელის შესახებ და ისიც ავუხსენით ამას რა მოყვებოდა. საბოლოოდ, შვილმა ოთახი მოუწესრიგა და კოსმეტიკურად გაურემონტა. ცხადია, ამ შემთხვევაშიც, გარკვეული პერიოდი ვამოწმებდით რა პირობებში იყო ქალბატონი და როგორ ექცეოდნენ. წარმოიდგინეთ, ისეთ კომფორტში ჰყავთ რომ შვილიშვილი ბებიასთან იძინებს.

 

ეს ფაქტები იმის მაჩვენებელია რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრებთან სწორად მუშაობას. იყო ქონებრივი ძალადობის შემთხვევაც. შვილებმა მშობლების უკითხავად ბინა გადაიფორმეს და იპოთეკით დატვირთეს. იყო შემთხვევა როდესაც მეზობელმა მარტოხელა მოხუცი მოატყუა. შედეგად ხანდაზმული ხალხი ქუჩაში აღმოჩნდა. ბევრი ვეცადეთ და ჩვენი შუამდგომლობის შედეგად არ გამოუსახლებიათ - იმავე სახლში ცხოვრობენ. სამწუხაროდ ერთ-ერთი რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა. ცხადია მოხუცებზე ძალადობის შემთხვევები ბევრად მეტია ვიდრე ჩვენამდე მოდის.

 

ამასწინათ ერთი მოხუცი მოვიდა და კატეგორიულად მოგვთხოვა თავშესაფარში მოთავსება: ვენებს გადავიჭრი და სახლში არ დავბრუნდებიო. ჩვენი ძალიან დიდი თხოვნით მოხუცი მოათავსეს უსახლკაროთა ღამის სათევში, სადაც წესით დღისით გაჩერება არ შეიძლება. ახლა იქნებ საპატრიარქოს თავშესაფარში გადავიყვანოთ. ეს ფაქტი ალბათ კომენტარს არც საჭიროებს. მდგომარეობა მეტად სერიოზულია და სახელმწიფოს მხრიდან ოპერატიულ რეაგირებას საჭიროებს. აუცილებელია მოხუცებზე ძალადობის საპრევენციო საკანონმდებლო მექანიზმების შემუშავება და მუნიციპალური თავშესაფრების ორგანიზება.

 

თავსაფრიანი დედა(კაცები)

 

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორის დარეჯან თომაძის განმარტების თანახმად მოხუცებზე ძალადობა ბევრად უფრო რთული და მრავალგანზომილებიანი ფენომენია ვიდრე პრიმიტიული ლანძღა და ცემა-ტყეპა. ერთი დანახვით შესაძლოა პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ამ სენის ძირები დედა-შვილობის (ან თუ გნებავთ, მამა-შვილობის) არაჯანსაღად ტრანსფორმირებულ ტრადიციაში უნდა ვეძიოთ:

 

- საუბედუროდ მომსწრე ვარ როგორც ფსიქოლოგიური, ისე მორალური ძალადობისა მოხუცების მიმართ ოჯახის წევრების მხრიდან. მხედველობაში მაქვს პენსიის თანხის გამოძალვა - სხვა სიტყვას ამ ქმედებას ვერ ვუწოდებ. მოლარე მოხუცებს პენსიას რომ დაურიგებს, ცოტა ხნის შემდეგ შვილი, ან შვილიშვილი ჩნდება და ართმევენ. მოხუცზე სახელმწიფო ზრუნავს და არაფერს ვაკლებთ, მაგრამ სულაც არ ნიშნავს რომ ამიტომ პენსია მას არ უნდა მოხმარდეს. იქნებ რამე განსაკუთრებული საკვების, ან სამოსის შეძენა მოისურვა? ეს მისი უფლებაა. როდესაც ამის გამო უკმაყოფილებას გამოვთქვავ, ცრემლმორეულნი მპასუხობენ: მე საჭმელი მაინც მაქვს და სითბოში ვარ. ტანსაცმელსაც სახელმწიფო მაძლევს. როგორ გამიძლოს გულმა და არ მივცე, როდესაც ვიცი რომ ჩემს შვილს ყველაფერი აკლიაო. მე კი მიმაჩნია რომ შვილების მხრიდან ეს ნამდვილი ძალადობაა..

- ცხადია ასეა - მშობლის გრძნობებზე თამაშობენ. არ შეიძლება აიკრძალოს ასეთი პრაქტიკა?


- მოხუცების უფლების დარღვევა გამოვა. პენსია მათი კუთვნილებაა და როგორც უნდათ ისე განკარგავენ. კანონი აქ ვერაფერს გახდება. მარტო პენსიაზე რომ იყოს საქმე კიდევ რა გვიჭირს. ბენეფიციარებს ხშირად ურიგდებათ ტანსაცმელი, არც სეზონური ხილი აკლიათ. ჩვენთან ხშირად მოდიან სტუმრები და განსხვავებული ტკბილეული მოაქვთ. იმასაც კი შვილებს უნახავენ. იმათ კი უსირცხვილოდ მიაქვთ. იყო ასეთი შემთხვევა როდესაც მოხუცებს თბილი კოლგოტები დავურიგეთ, და ერთმა ქალბატონმა ქალიშვილს მისცა და შიშველი ფეხებით დარჩა. ჩვენმა ერთმა თანამშრომელმა ვერ აიტანა ეს ამბავი და საკუთარი სახლიდან ახალი მოუტანა. წარმოიდგინეთ, გავიხედეთ და ისიც შვილმა წაიღო. არ შეიძლება მე რომ მოხუცს კუთვნილ თბილ ტანსაცმელს მივცემ, მოვტრიალდები და აღარაფერი ჰქონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ შვილმა წაიღო..

 

- რატომ არ შეიძლება პანსიონატის დებულებაში შევიდეს პუნქტი, რომლის თანახმად რაც მოხუცებს ურიგდებათ (იგულისხმება: საკვები, ტანსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები) მხოლოდ თავად უნდა მოიხმარონ?


- ეს შეიძლება მხოლოდ ქმედუუნარო პირებზე გაკეთდეს. ანუ ისევ გადაწყვეტილების უფლებასთან მივდივართ. იცით როგორ ამართლებენ თავის საქციელს? მე რომ დღეს მაძღარმა დავიძინე და ჩემს შვილს ალბათ პურიც არ ქონდა, არ შემიძლია არ დავეხმაროო. მე რომ თბილად ვარ და ვიცი ჩემს შვილს თბილი სამოსი არ აქვს, როგორ არ მივცეო. ძალიან გული მტკივა. თუმცა მეორე მხრივ სადღაც მიხარია, რომ დედური სიყვარულის ქართული ტრადიცია ასე ძლიერია. დედის გული ისეთია, თავად მოიკლებს და შვილს მისცემს.

 

- მშობლის მიმართ გამოყენებითი ურთიერთობა ალბათ წლების მანძილზე ჩამოყალიბდა. საფიქრალია, რომ ასეთი შვილები დედ-მამას არც ერთ ჭერ ქვეშ ყოფნისას ექცეოდნენ უფრო სინდისიერად..

 

- ასეც რომ იყოს, მოხუცებს შვილზე ვერ დააცდენინებ. როდესაც ვეკითხები აქ მოსვლამდე შვილები თქვენზე როგორ ზრუნავდნენ-მეთქი, ზრუნვა რომც ნულის ტოლი ყოფილიყო, ცდილობენ ას პროცენტად წარმოაჩინონ. შვილების ყველა უარყოფით თვისებას გამართლებას უძებნიან. არ ვიცი ეს ქართული მენტალიტეტია თუ რა, მაგრამ ასეა. თვითონ შვილმა არ უნდა იკადროს. როდესაც ვსაყვედურობ, მპასუხობენ: თავად მაძლევს და რომ არ ავიღო, ინერვიულებსო. დედის სიყვარულზე თამაშობენ. მე კი მიმაჩნია რომ ეს არის ნამდვილი მორალური ძალადობა.

 

პარალელი: ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორის მალხაზ ბადირეიშვილის სიტყვით, მათაც ჰქონდათ შემთხვევები, როდესაც ბენეფიციართან სანახავად მოსული ოჯახის წევრები მოხუცს პენსიის თანხას თხოვდნენ; ხანდახან ოჯახის წევრი მინდობილობით იღებს პენსიას. ზოგი მოხუცი პანსიონატში იმიტომ მოხვდა რომ ოჯახში მასზე ძალადობდნენ. მაგალითად, ცოლ–ქმარი კახეთიდან, ქუთაისელი მამაკაცი, რომელიც შვილმა და რძალმა იძულებული გახადეს სახლიდან წამოსულიყო. ქალბატონი ტყიბულის რაიონიდან, რომელზედაც ლოთი შვილი ძალადობდა პენსიის თანხის გამო; მამაკაცი კახეთიდან რძალმა იძულებული გახადა თავი პანსიონატისთვის შეეფარებინა; ქუთაისელი ქალბატონი, რომელსაც ქონებრივი დავა ქონდა დასთან ბინასთან დაკავშირებით. ერთ რუს თბილისელ მამაკაცს კი გერი სისტემატურად სცემდა ბინის გამო.

 

მხოლოდ დასჯა საქმეს არ უშველის

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თაობის'' დირექტორი, კოალიცია ,,შინ მოვლა საქართველოში'' ხელმძღვანელი უჩა ვახანია დარწმუნებულია რომ ძალადობა მთლიანად საზოგადოების სენია. მისი აზრით, მოხუცი ქალის მიმართ უპატივცემულო მოპყრობა ერთ-ერთია ისეთი ქმედებებისგან, რასაც საფუძვლად უდევს რაიმე უპირატესობის მქონე ადამიანის მიერ ამ უპირატესობის უღირსად გამოყენება. მაგალითად, სკოლაში უმცროსკლასელების ჩაგვრა, ლეკვების წვალება. მხოლოდ დასჯა საქმეს არ უშველის. ეს ამბავი საშიში სნეულების სიმპტომია, ამიტომ ზოგადად საზოგადოების გაჯანსაღებაზე უნდა ვიფიქროთ.

 

ოჯახში ძალადობის თემაზე უამრავი ინფორმაცია არსებობს, მაგრამ აქცენტი, ძირითადად, ქალებზე, ან ბავშვებზე კეთდება. მოხუცებზე ძალადობის ფენომენი კი ნაკლებადაა შესწავლილი. სტატისტიკაც არ არსებობს. ამ მანკიერი მოვლენის საპრევენციო ღონისძიებების შესამუშავებლად აუცილებელია საფუძვლიანი კვლევის ჩატარება. ამის გაკეთება დაბერების პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფორმატშიც შეიძლება. პრობლემის მეორე მხარეა ტრადიციული აღზრდის სისტემის კრიზისი, რაზეც პირდაპირ მიუთითებს თბილისისა და ქუთაისის პანსიონატებში გამოვლენილი ფაქტები.

 

ოდესღაც ნიკო ლორთქიფანიძემ „თავსაფრიან დედაკაცებს“ უწოდა დიდებული ადამიანები რომლებიც უძეგლოდ იკარგებიან. მისი გმირის თავგანწირვაში უდავოდ არის გარკვეული ხიბლი, მაგრამ ყოფითი შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ლორთქიფანიძის გმირმა გაზარდა ეგოისტი შვილები, რომლებმაც დედის გამოსათხოვარი წერილი იმისთვის გამოიყენეს რომ მისი ბედით აღარ დაინტერესებულიყვნენ. ვფიქრობ, არ ღირს ამ ყალბი ჰეროიკით აღტაცება. დაბერების პოლიტიკის სამოქმედო გეგმაში რომელზედაც სახელმწიფო მუშაობს აუცილებლად უნდა შევიდეს პუნქტი მოხუცების გულგრილობა-ძალადობისგან დამცავი მექანიზმების შესახებ. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირში კანონი უღირს შვილს მოხუცებული მშობლისთვის ალიმენტის გადახდას და მასზე ზრუნვას ავალდებულებდა. თუ ამას კომუნისტებიც კი მიხვდნენ, ლიბერალებს და დემოკრატებს მეტი მოგვეთხოვება.

 

*სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. სტატიაში განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს დონორი ორგანიზაციის მოსაზრებებს.

 

უკან