http://www.awa.org.ge

ქალბატონი საკერავი მანქანით
ნაზი მენაღარიშვილი პროფესიით ჭრა-კერვის ინსტრუქტორია. ყველაფერი ბავშვური ჰობით დაიწყო; როდესაც წამოიზარდა, სამწლიანი პროფესიული სასწავლებელი დაამთავრა და მას შემდეგ 43 წელია საკერავ მანქანასთან განუყრელია. ატელიეშიც უმუშავია და სხვებსაც ასწავლიდა ჭრა-კერვას. იმდენად შეეთვისა თავის საქმეს, რომ თუ გნებავთ, თვალდახუჭული გამოგიჭრით ტანსაცმელს.
როდესაც კომუნისტური წყობა წარსულს ჩაბარდა, ქალბატონი ნაზი, ისევე როგორც უამრავი სხვა, კერძო სექტორში გადავიდა. რაღაც ეტაპზე საკერავ მანქანებმა უმტყუნა. აღარც უთო მუშაობდა ძველებურად. აბა რამდენ ხანს უნდა გაეძლო ჯერ კიდევ კომუნისტების დროინდელ ჯაბახანას? წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა!
მკერავისთვის საკერავი მანქანის გაფუჭება ლამის ხელის მოჭრას უდრის. სწორედ ამიტომ ძალიან ემადლიერება ხანდაზმულთა ასოციაციის თანამშრომელს, ბატონ გია ცეცხლაძეს, რომელმაც იღბლიანად დააკვალიანა. შედეგიც სახეზეა: ზის ახლა ძველი ფარდულის ტიპის შენობაში ახალთ ახალ საკერავ მანქანასთან და სამომავლო გეგმებს აწყობს:
- ვერც კი წარმოიდგენთ როგორი კმაყოფილი ვარ ბატონ გიას რომ დავუჯერე და ასოციაციას მივაკითხე. ძველი მანქანა ფეხის იყო; ახლა კი დენის მანქანაზე ვმუშაობ. ერთ დღეში ავითვისე და სიამოვნებით ვიყენებ. მაგრამ ჯინსზე გვირისტის გასავლებად ისევ ძველ მანქანას ვხმარობ. ახალი უფრო სათუთია და ვუფრთხილდები. გრანტით ახალი უთოც შევიძინე. არც კი ვიცი ამ ორგანიზაციას მადლობა როგორ გადავუხადო.
ოღონდ მომეცეს საშუალება და კიდევ დავწერ პროექტს. საუთოებელი მაგიდაც მჭირდება, უკვე აღარც სამუშაო ადგილი მივარგა; თავად ხედავთ - იატაკი სულ ჩამპალია. მინდა ბეტონი დავასხა, გარშემო ყველაფერი მოვაწესრიგო და გავაფართოვო. მერე კი ჭრა-კერვის კურსებს გავხსნი. მსურველები არიან და მთხოვეს კიდეც. სხვათა შორის, ჩემს პატარა შვილიშვილსაც ძალიან აინტერესებს კერვა. სანამ ძალა მაქვს, მინდა რომ თავადაც ვიმუშაო და სხვებსაც ვასწავლო.
                                                              ავტორი: მედეა გოგსაძე 
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.
უკან