http://www.awa.org.ge

ყვავილები მხოლოდ დასაწყისია

ნათელა ბაუჟაძის ეზო-კარი ფერად-ფერადი ლაქებით მოჩითული ხალიჩასავითაა. ყვავილების მოვლა ყოველთვის ძალიან უყვარდა, მაგრამ გაყიდვა არასოდეს უფიქრია. ახლა კი ნაკვეთში სათბური უდგას და სარეალიზაციოდ ყვავილების ძირებს ახარებს. ჰობის კომერციულ რელსებზე გადაყვანა ხანდაზმულთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნანა კალანდაძემ ურჩია. ქალბატონი ნათელა ძალიან მადლობელია ორგანიზაციის, რომელმაც წარდგენილი პროექტის საფუძველზე სათბური გადასცა:

- რჩევა ჭკუაში ჩამიჯდა. ყვავილების მოვლა ისედაც მიყვარს და არც დამატებითი შემოსავალი მაწყენდა. ჰოდა მივდევ ახლა ამ საქმეს. მყიდველი თავად მპოულობს. ზოგს ყვავილი მიაქვს ქოთნით, ზოგს ნერგი ურჩევნია. ვნახოთ როგორ აეწყობა საქმე. შეიძლება მერე შევცვალო სიტუაცია და ხეხილის ნარგავები გავაკეთო. ყვავილები მხოლოდ დასაწყისია, დანარჩენს მერე შევხედავ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი ასაკის ქალისთვის ეს ძალიან კარგი საქმეა. ცალკე რაღაც თანხა შემოვა, ცალკე კი სახალისოცაა. ამის საშუალება გრანტმა მომცა, რისთვისაც ხანდაზმულთა ასოციაციას დიდად ვემადლიერები.

ასოციაციაში ჩემი შვილის სიტყვით მივედი. მითხრა: არ შეიძლება სახლში ასე ჩაკეტილი ყოფნა. იქ საინტერესო ლექციები და ღონისძიებები ტარდება. წადი, ხალხში გაერიე, მოუსმინე, იქნებ დაგაინტერესოსო. შვილის სიტყვები ჭკუაში დამიჯდა და მივედი: ვნახო ერთი რა ხდება და თუ მომეწონა, დავრჩები კიდეც-მეთქი.

ახალი წლის პერიოდი იყო და საზეიმო ღონისძიება ტარდებოდა. ოფისში უამრავ ქალბატონს მოეყარა თავი. შეკრებილი საზოგადოებაც და სიტუაციაც ძალიან მომეწონა. ამის შემდეგ უკვე სიამოვნებით ვესწრები ორგანიზაციის ღონისძიებებს. ტრენინგებს იმდენად არა, უფრო ლექციებსა და ლიტერატურულ ღონისძიებებზე მომწონს სიარული. თანაც უფრო ზამთარში, ზაფხულში საქმეები მაქვს და ვეღარ ვახერხებ.

                                                                                                                                                                                            ავტორი: მედეა გოგსაძე 
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონშიფარგლებში. 

უკან