http://www.awa.org.ge

ოთარაანთ ქვრივი ქობულეთიდან
როდესაც ილია ჭავჭავაძე „ოთარაანთ ქვრივს“ წერდა, ნეტავი თუ ფიქრობდა, რომ მარადიულ სახეს უტოვებდა შთამომავლობას? აშკარად ფიქრობდა და სახელიც სწორედ ამიტომ არ მისცა. საქართველოში უამრავი ასეთი ოთარაანთ ქვრივი იყო და არის - მტკიცე, საბრძოლველად შემართული და გაუტეხელი. სწორედ ასეთთა რიცხვს ეკუთვნის ქალბატონი ნათელა ბელთაძე, რომელსაც მიწასთან ქარიშხალიც ვერ გაასწორებს და რომელიც სიყალბეს ვერასოდეს ეპუება:
ქალბატონმა ნათელამ თავისი ბინის მახლობლად საგულდაგულოდ მოწყობილ ოთახში მიგვიღო. როდესაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მოუნდება ყოველთვის აქ მოდის. ოთახი მისი ხელნაკეთი ულამაზესი სუვენირებითაა დამშვენებული. პატარა სურათიდან კი გარდაცვლილი ვაჟი უმზერს:
- ისეთი შვილი დავკარგე.... დედა რა გაგეხარდება, დედა რა გეწყინება.. იმ დღეს ყველაფერი წაიშალა ჩემში. ლექსი დავუწერე და შვილიშვილებს გადავეცი. ლექსებს ბავშვობიდან ვწერდი. ნუგზარ ჯაფარიძემ „ბათუმის მწერალთა კავშირიდან“ წაიღო ჩემი ლექსების ერთადერთი ხელნაწერი - გამოვცემო. მაგრამ მომატყუა და აღარ დამიბრუნა. ყველა ის ლექსი ზეპირად მახსოვს. ვუთხარი - ერთხელ იქნება და სიმართლე გაირკვევა-მეთქი. შეგიძლიათ დაწეროთ - არაფრის მეშინია.
შიში კი არა, მახსოვს, მხედრიონი შემოვიდა, ქვეყანა ინგრეოდა და ტრიბუნიდან მიკროფონით ასლან აბაშიძეს ლექსი რომ წავუკითხე, ხმა, მგონი, ქობულეთშიც გაიგონეს. მხედრიონელები შემოვიდნენ დარბაზში და ძლივს გამომაპარეს.
ასოციაციის არსებობა ჯერ არ გამაგებინეს. ერთხელაც, შევამჩნიე, ჩემი მეზობლები სულ სადღაც დადიან. სად დადიხართ-მეთქი, ვეკითხები და პასუხს არ მაძლევენ. ბოლოს ერთი გამოვიჭირე და ვეუბნები: გამაგებინე ერთი სად დადიხართ. თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთ-მეთქი. წამოდიო - მითხრა. მე გზა არ შემეშლებოდა; ჰოდა, უკვე ეოთხე წელია ორგანიზაციაში დავდივარ. ორჯერ მივიღე გრანტი და მესამედაც მპირდებიან. ჩემს სუვენირებს ტურისტები სიამოვნებით ყიდულობენ. კიდევ სამი სერტიფიკატი მაქვს და „მშვენიერი ბებოს“ დიპლომიც. ვერც კი წარმოიდგენთ, გრანტმა რამხელა სტიმული მომცა, რისთვისაც ხანდაზმულთა ასოციაციის ძალიან მადლობელი ვარ. ამასწინათ სტატიაც კი დავწერე მათზე. ავტორს საკუთარი დაწერილი იშვიათად მოსწონს, იმიტომ რომ ჩაფიქრებულზე ნაკლები გამოდის, მაგრამ ამ შემთხვევაში კმაყოფილი დავრჩი.
                                                               ავტორი: მედეა გოგსაძე
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.
უკან