http://www.awa.org.ge

მედეა გოგსაძე

 

 

არსებობს სიტუაციები როდესაც მოხუცი საკუთარ ოჯახში ვერ ჩერდება (ან არ ჰყავს) და საიმედო ნავთსაყუდელი ჭირდება დროებითი, ან მუდმივი საცხოვრებლის სახით. პირველის მაგალითი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებია, ხოლო მეორის - ხანდაზმულთა პანსიონატები. დღესდღეობით ყველა განვითარებულ ქვეყანაში თავშესაფრებისა და პანსიონატების კარგად განვითარებული ქსელია ორგანიზებული. იქ მოხუცებზე ძალადობის პრობლემას ყურადღება ბევრად უფრო ადრე მიაქციეს. ხანდაზმულთა მიმართ ძალადობრივ ქცევაზე პუბლიკაციები პირველად გამოჩნდა 1975 წელს დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო ჟურნალებში. თავად მოვლენას „ბებიების ცემა“ უწოდეს. მოგვიანებით მსგავსი კვლევები სხვა ქვეყნებშიც ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ მოხუცებზე ძალადობა ხდებოდა არა მარტო ფიზიკური, არამედ მორალური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ფორმით. 1980 წელს აშშ-ს კონგრესმა განიხილა პრობლემა და შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავების აუცილებლობაც აღიარა. საქართველოში ხანდაზმულთა პანსიონების ინსტიტუცია კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებობდა. სამაგიეროდ საკუთრივ მოხუცებზე გათვლილი თავშესაფრები ჯერ კიდევ უცხო ხილია. ამჟამად სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია და სახელმწიფოს მხრიდან უფრო საფუძვლიან პატრონაჟს საჭიროებს.
არა მარტო შეფარება, არამედ დახმარებაც
საქართველოში მოხუცების დროებითი განთავსება ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებშია შესაძლებელი. ასეთი თავშესაფრები საქართველოს სხვა და სხვა რეგიონში დღესდღეობით უკვე არსებობს. მაგალითად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრი „აი’სი“ , რომელიც 2013 წელს გურიის აგრო ბიზნესცენტრმა ჩამოაყალიბა. ცენტრს აფინანსებს ევროკავშირი კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია აგრეთვე ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ და დემოკრატიის ინსტიტუტი. ცენტრში მოქმედი თავშესაფარი ემსახურება გურიის და აგრეთვე მეზობელი რეგიონების ბენეფიციარებს განურჩევლად ასაკისა, სქესისა, სოციალური მდგომარეობისა, რელიგიური შეხედულებებისა და ეთნიკურობისა. იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია ადამიანის არა მარტო შეფარება, არამედ პრობლემის შესაძლებლობის მიხედვით გადაწყვეტა, ცენტრში სარეაბილიტაციო პროგრამებიც ხორციელდება. მომსახურება უფასოა და კონფიდენციალურობაც დაცულია. თავშესაფარი ერთდროულად ექვს ადამიანზეა გათვლილი. ბენეფიციართათვის უზრუნველყოფილია: სიმყუდროვე, საყოფაცხოვრებო ინვენტარი, სამჯერადი კვება, პირადი ჰიგიენის საგნები. ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან.
თამარ ხომერიკი („აგრობიზნესცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე):
- როდესაც პოლიციის უფროსს ჩვენი თავშესაფრის პროექტი გავაცანი, ძალიან გაუხარდა: როგორც იქნა! თორემ როდესაც ძალადობის ფაქტი ხდება არ ვიცით მსხვერპლი სად წავიყვანოთო. იგივე დღეში იყო სოციალური სააგენტო: სოციალურ მუშაკებს ძალადობის მსხვერპლი ბავშვები სახლში მიყავდათ . ცხადია ცენტრში გვაქვს ხანშიშესულთა მომართვიანობის ფაქტებიც. მაგალითად გვქონდა ასეთი შემთხვევა: პარტნიორებმა ასოციაცია „ღირსეული სიბერიდან“ აჭარიდან გამოგვიგზავნეს მოხუცებული მამაკაცი. ლოთი შვილი როცა დალევდა, ყოველ ჯერზე სახლიდან აგდებდა. ერთხელაც ძალიან გაუგრძელდა ეს დალევები და მამა სახლში სულ აღარ შეუშვა. ჩამოვიყვანეთ ბაბუა და სანამ ჩვენთან იყო, ბათუმის პარტნიორები იქაურ მოხუცებულთა პანსიონში არკვევდნენ საქმეს. ახლა მოხუცი უკვე იქ არის და თავს ძალიან კარგად გრძნობს. კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად თავშესაფარში გაჩერება შესაძლებელია ერთი დღიდან მაქსიმუმ ორი თვის ჩათვლით. ბენეფიციარებს ესახურებიან იურისტი, ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი. თუ საჭიროა ოჯახის წევრებთანაც ვმუშაობთ. იყო ასეთი შემთხვევა: ხანდაზმული მამაკაცი მოგვიყვანა საპატრულო პოლიციამ. ამ კაცმა პოლიციას მიმართა - სახლში არ მივბრუნდებიო და ჩვენთან გადმოიყვანეს. ჩვენთან ყოფნის დროსაც შინ დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ეს კაცი დიდი ხნის მანძილზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფილა თურმე გასული და თბილისშიც უცხოვრია. ბოლოს დაბრუნდა ნათესავებთან. დედა ამ დროს ქალიშვილის ოჯახში ცხოვრობდა და მაზლიც რომ დაემატა სიძეს აღარ მოეწონა. როგორც ჩანს ცუდი ურთიერთობა დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა. ფსიქოლოგიურ ძალადობაზეა საუბარი - ყველაფერს აყვედრიდნენ. დედა კი ლოგინადაა ჩავარდნილი, თან საკმაოდ ნეგატიურადაა განწყობილი შვილის მიმართ: არც მაინტერესებს მისი ამბავიო, გვითხრა. სიძეც წინააღმდეგი იყო - მაზლს ვეღარ შევიფარებო. ბევრი ვიფიქრეთ რა გვეღონა. ოზურგეთში არის ხანდაზმულთა პანსიონატი, სადაც საფასურის გადახდა თანადაფინანსებით ხდება. მოხუცს კი ამის საშუალება არ ჰქონდა. საბოლოოდ თავად განაცხადა მონასტერში სიამოვნებით ვიცხოვრებდიო. დავუკავშირდით გურიაში ერთ-ერთი მონასტრის მამაოს. მოვაწყეთ მისი შეხვედრა ჩვენს ბენეფიციართან. ახლა კი სიამოვნებით შემიძლია გითხრათ რომ მოხუცი უკვე სამი-ოთხი თვეა ცხოვრობს მონასტერში და სამაგალითო ბინადარია. ერთი თვის წინ ვიყავით მონიტორინგზე და ვნახეთ რომ თავადაც კმაყოფილია და მასპინძლებიც. გაცილებით უკეთეს პირობებში ცხოვრობს ვიდრე სახლში იცხოვრებდა. კიდევ წელიწადნახევრის დაფინანსება გაქვს და ვნახოთ რა მოვახერხებთ. ვცდილობთ თანადაფინანსება თვითმმართველობის მხრიდან მოვიპოვოთ, თუმცა იმედი არ გვაქვს. თავშესაფრები ძალიან ცოტაა. სახელმწიფომ ეს კარგად იცის, მაგრამ სახსრების სიმცირეზე მიუთითებს. სხვა საკითხია რომ ხშირად უკვე გახსნილ თავშესაფარსაც ვერ უწყობენ ხელს, ვინაიდან პრობლემას სათანადოდ ვერ აღიქვამენ.
სახელმწიფო თავად უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე
ცალკე აღსანიშნავია წმ. ეკატერინეს სახელობის თავშესაფარი, რომელიც ბათუმში 1995 წლის 9 მარტს დაარსდა. თუმცა საქმიანობის მიხედვით უფრო სწორი იქნება თუ პანსიონატს ვუწოდებთ. დამფუძნებელია მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი. თავშესაფარს საპატრიარქო და მერია ერთობლივად აფინანსებენ. შემოდის აგრეთვე შემოწირულობები; მაგალითად, მეორადი მაღაზიების მოვაჭრეებიდან, ადამიანები გარდაცვლილი ახლობლების ნაქონ ნივთებს სწირავენ. სასტუმროები ძირითადად რედისონი და შერატონი თეთრეულს ჩუქნიან, რაც განსაკუთრებით საჭიროა დიდი რაოდენობით მწოლიარე ბენეფიციარებისთვის. დღესდღეობით თავშესაფარს დეკანოზი იოანე ბარამიძე ხელმძღვანელობს. დღეს მამა იოანე ჩენი სტუმარია:
- საზრუნავი უამრავია: პროდუქტებისა და სხვა საჭირო ინვენტარის შეძენა, ბენეფიციართა კვება და ყოველდღიური საჭიროებანი, კულტურულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ორგანიზება. თავშესაფარში ფუნქციონირებს სიმღერის გუნდი სათნოება, რომელიც სამშაბათს და პარასკევს რეპეტიციებს ატარებს. ზოგი ბენეფიციარი თექაზე და თიხაზე მუშაობს, ერთ-ერთი კი ხატავს. ბავშვები ბათუმის სკოლებიდან და რეგიონებიდან ღონისძიებებს მართავენ. ჯგუფი ნოტა და მერიასთან არსებული ქალთა ანსამბლი წელიწადში ერთხელ ატარებენ კონცერტს. მოყვანამდე ახლობლებს ცოტათი უჭირთ, მაგრამ როდესაც ხედავენ თუ როგორ გარემოში უწევთ ყოფნა მათ მშობლებს, ეიმედებათ საკუთარი ოჯახის წევრის თავშესაფარში დატოვება. მოქალაქეები საკუთარი სურვილით ხშირად მოგვმართავენ, ისინი აგვყავს აღრიცხვაზე და პერიოდულად ვაკმაყოფილებთ. მათ მოეთხოვებათ ფსიქიატრიულიდან ცნობის წარმოდგენა და თუ ვლინდება ფსიქიკური დარღვევები მათ მიღებაზე უარი განეცხადებათ. რაც შეეხება სამედიცინო ისტორიას ანუ ფორმა ა-ს, რომელშიც დაფიქსირდება გარკვეული ტიპის ავადმყოფობა ვცდილობთ აქვე მოვუგვაროთ და თუ დაავადება ქრონიკულია ისინი მაინც რჩებიან ჩვენი მუდმივი დაკვირვების ქვეშ. გამწვავების შემთხვევაში კი მათ ვათავსებთ სტაციონალში, ხოლო იმ ბენეფიციარებს რომელთაც არ გააჩნიათ არც მოქალაქეობა და არც ბინადრობა, თავშესაფარი საკუთარი ხარჯებით მკუნალობს მათ. სულ ახლახანს ერთ-ერთ ბენეფიციარს გაუკეთდა კუჭის ოპერაცია, რომელიც საკმაოდ სოლიდური თანხა დაჯდა. სახელმწიფო თავად უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე და მათ სიბერეზე: მაგალითად კარგი იქნება ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც დანაზოგის დაგროვების შესაძლებლობას შრომისუნარიან ასაკშივე მისცემს თავის მოქალაქეს, რომ სიბერე უზრუნველყოფილი ქონდეს.
პანსიონები მსურველთა რაოდენობას ვეღარ აუდიან
ხანშიშესულთა პანსიონატები თავშესაფრებისგან განსხვავებით მუდმივი საცხოვრისია. დღესდღეობით ხანშიშესულთა პანსიონატები გვაქვს თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში. არსებობს კერძო პანსიონატებიც მაგრამ მოხუცის იქ განთავსება ძვირი სიამოვნებაა. არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს ტრადიციებიდან გამომდინარე ჩვენთან უფრო დღის ცენტრები გაამართლებს. საინტერესო რას ფიქრობენ ამ კუთხით ხანდაზმულთა მომსახურების სფეროს სპეციალისტები: ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორის მალხაზ ბადირეიშვილის აზრით, პანსიონატებში ცხოვრების მსურველთა რიცხვი სამომავლოდ პროცენტულად მოიმატებს. თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორი დარეჯან თომაძეს დიდი ყაზარმული ტიპის პანსიონატები კომუნისტურ გადმონაშთად მიაჩნია და უპირატესობას მცირე საოჯახო ტიპის ხანდაზმულთა საცხოვრისებს ანიჭებს. ორივე ექსპერტის აზრით დროთა განმავლობაში მომართვიანობა გაიზრდება: მოქალაქენი საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდიან და სნეულ მშობლებს ვეღარ უვლიან; პანსიონატებში აგრეთვე საკუთარი სურვილით მოდიან მოხუცები რომლებსაც უჭირთ მარტო ცხოვრება, ან ოჯახის წევრებთან აქვთ კონფლიქტი. მამა იოანეს სიტყვითაც მომართვიანობა ძირითადად იმის ხარჯზე იზრდება რომ მოქალაქენი საზღვარგარეთ სხვებს უვლიან, მათი ხანდაზმულები კი მარტო რჩებიან და იძულებულები არიან პანსიონატებს მიმართონ.
ი რას ამბობს ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ნანა კალანდაძე:
- ტრადიცია რომლის თანახმად მოხუცების მოვლა ოჯახის პრეროგატივაა ნელ-ნელა ირღვევა, რასაც მძიმე სოციალურმა ფონმაც შეუწყო ხელი. ზოგიერთი სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის მოხუცი ზედმეტი ტვირთია, ამიტომ ცდილობენ ხანდაზმულები პანსიონში მოათავსონ. ხოლო მარტოხელა ხანდაზმულისათვისაც პანსიონი არის კვების, ღამის გასათევის, სამედიცინო მომსახურეობის და ადამიანური ურთიერთობების გარანტია. პანსიონები მსურველთა რაოდენობას ვეღარ აუდიან. ქობულეთის მუნიციპალიტეტში გვიდევს ორი ათეული მოხუცის განცხადება თავშესაფარში მოთავსების თხოვნით. აუცილებელია ახალი პანსიონები გაიხსნას. პარალელურად უნდა განვითარდეს შინ მოვლის სამსახურიც, რაც სახელმწიფოს უფრო იაფი დაუჯდება.
თბილისის ხანშიშესულთა პანსიონატის ბენეფიციარის, მურმან ხაჭაპურიძის დაკვირვებითაც, ადრე ხალხი თუ ასეთ დაწესებულებებში არ მოდიოდა, ახლა რამდენიმე წელია სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა:
- არსებული სისტემა ყველა მსურველს ვერ აკმაყოფილებს. აუცილებელია მოთხოვნის შესწავლა და სისტემის განვითარება. საქართველოს ყველა მხარეში საკუთარი პანსიონატები უნდა გაიხსნას და მერიებს დაექვემდებაროს. ალბათ ყველაფერი დამოკიდებული იქნება სახელმწიფო დაფინანსების ტიპზე და ოჯახის შესაძლებლობებზე. აგრეთვე თავად მოხუცის სურვილზე და მდგომარეობაზე. საქართველო, მისი სპეციფიკის მიუხედავად, ზოგადად ეწერება მსოფლიო პროცესებში. ამდენად, პანსიონატების და თავშესაფრების სისტემა დაბერების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. სტატიაში განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს დონორი ორგანიზაციის მოსაზრებებს.
უკან