http://www.awa.org.ge

2013 წლის 10 დეკემბერს სახალხო დამცველმა საზოგადოების წინაშე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანგარიში წარადგინა. აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივას, ყოველი წლის 10 დეკემბერს შეაჯამოს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა. 

2013 წელმა წინა წელთან შედარებით ნაკლებ დრამატულად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ თვალსაჩინოა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მხრივ წინგადადგმული ნაბიჯები, საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, კვლავ რჩება მთელი რიგი გამოწვევები და პრობლემები, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების მხრივ. 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადგილი ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან საჯარო მოსამსახურეთა მასობრივ გათავისუფლებას, რაც სახალხო დამცველის მიერ ცალსახად უარყოფითად იქნა შეფასებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნილ უკიდურესად დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით, საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარდა. 

წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება შეფასდეს სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რაც სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის საგანს წარმოადგენდა. თუმცა, მეორე მხრივ, მთელი სიმწვავით წამოიწია სხვადასხვა ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობის გამოვლენამ, რასაც ცალკეულ შემთხვევებში, ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. 

ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, დევნილთა და ეკომიგრანტთა უფლება საცხოვრისზე, რომლის გადასაჭრელად სათანადო სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაა აუცილებელი. 

კიდევ ერთი საგანგაშო ტენდენცია, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში გამოაშკარავდა, გასულ წლებში ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებელ სფეროში სახელმწიფოს არამართლზომიერ ჩარევას უკავშირდებოდა. სახალხო დამცველი მიესალმება ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ვიდეო-მასალის განადგურების მცდელობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თუმცა მიიჩნევს, რომ მსგავსი ერთჯერადი აქცია ვერ უზრუნველყოფს ადამიანის პირადი სივრცის ხელშეუხებლობას  მყარი  საკანონმდებლო  გარანტიების  შექმნის  გარეშე. 

სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში ვერ აუარა გვერდი სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. ამ კუთხით არსებობს როგორც საკანონმდებლო ხარვეზები, ასევე, კანონმდებლობის პრაქტიკაში იმპლემენტაციის პრობლემა. სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტების ეფექტური გამოძიებისათვის მნიშვნელოვანია, გადაიხედოს არსებული კანონმდებლობა და შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებას უზრუნველყოფს. 
  
მიმდინარე წელს სისხლის სამართალწარმოებისას, მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით, დაცვის მხარეს ჩხრეკისა და ამოღების უფლებამოსილება მიენიჭა, თუმცა, სამწუხაროა, რომ პარლამენტმა გადაავადა ცვლილების ამოქმედების საკითხი და ძალაში დატოვა მოწმეთა დაკითხვის დროებითი წესი. 

ანგარიშში ასევე წარმოდგენილია ეროვნული პრევენციის მექანიზმის მონიტორინგის შედეგები და შემოსული განცხადებების ანალიზი, მათ შორის, ე.წ. „მაყურებლების“ როლის გაძლიერება; დაწესებულებებში მოთავსებული პირების ჯანმრთელობის დაცვა და მათი ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. ამ მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველი გაუმართლებლად მიიჩნევს პატიმართა წამებაში, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პირებისთვის ზედმეტად ლმობიერი სასჯელების შეფარდებას. 

სახალხო დამცველი მიესალმა განხორციელებულ ამნისტიას, თუმცა თვლის, რომ ამნისტია სამართლიანობის აღდგენის პროცესის მხოლოდ ერთი ეტაპია. სრული სამართლებრივი რეაბილიტაციისათვის მნიშვნელოვანია ქმედითი სამართლებრივი მექანიზმის შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება ღირსების აღდგენა და სახელმწიფოსგან უკანონოდ  მიყენებული  ზიანის  სამართლიანი  ანაზღაურება. 

მიმდინარე წელს სახელმწიფომ რამდენიმე შემთხვევაში ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლების რეალიზება უმოქმედობისა თუ არასათანადო რეაგირების გამო. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია 17 მაისის აქციის დარბევა და ზუგდიდის ინციდენტი, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერის ჩატარებისას საპატრულო პოლიციამ ვერ აღკვეთა ფიზიკური ძალადობა პოლიტიკური გაერთიანების წევრების მიმართ. 

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რელიგიის თავისუფლებას. მოყვანილია წინწყაროს, სამთაწყაროს, ციხისძირის, ჭელას ინციდენტები. სახალხო დამცველი მიესალმება სოფელ ჭელაში მინარეთის აღდგენას, თუმცა გამოთქვამს წუხილს, რომ რელიგიური რიტუალისთვის ხელშეშლას უმრავლეს შემთხვევებში  ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. 

ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც ეროვნული უმცირესობების საკითხი. აღნიშნულია, სამოქალაქო ინტეგრაციის დაბალი დონე და მათი პოლიტიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არასრულფასოვანი მონაწილეობის საკითხი. 

სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი განცხადება შეისწავლა, რომელიც შეეხებოდა საჯარო მოსამსახურეების საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებას. უმეტეს შემთხვევებში, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულია სამართლებრივი დასაბუთებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გარეშე. 

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება შრომის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს, თუმცა მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს შრომის კოდექსის შემდგომი ეტაპობრივი მოდიფიკაცია. ანგარიშში ასევე ყურადღება არის გამახვილებული შრომის უსაფრთხოებაზე. აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დონეზე არ არის შემუშავებული შრომის, ჯანმრთელობისა და სამუშაო გარემოს შესახებ თანმიმდევრული ეროვნული პოლიტიკა და შესაბამისად, არ არსებობს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო გარემოს შემოწმების მექანიზმი. 

2013 წელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადდა; გაიზარდა ქვეყნის სოციალური პროგრამების ბიუჯეტი და შესაბამისად, ბენეფიციართა მოცულობა. თუმცა, სერიოზულ პრობლემად რჩება ინფორმაციის ნაკლებობა არსებული სოციალური, სამედიცინო და სხვა სახის პროგრამების შესახებ. გადაუჭრელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის მეტად მნიშვნელოვანი – გარემოს ხელმისაწვდომობის პრობლემა. 

ცალკე თავი მიეძღვნა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობას, და ამ მხრივ დღემდე არსებულ პრობლემურ საკითხს - ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი საზოგადოების ტოლერანტულ დამოკიდებულებას. 

გენდერული თანასწორობის მთავარ გამოწვევად რჩება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი. 

* * * 

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. 1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია „ყველა ხალხისა და ყველა ერის საერთო მონაპოვრად“ გამოაცხადა. 

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე 

http://www.ombudsman.ge/files/news/doc/ge/ruabuyzrprmhjitjqhnu.pdf

უკან