http://www.awa.org.ge

„მარწყვი ჩემი დიდი ხნის ჩანაფიქრი იყო..“

ქალბატონი ციალა ცეცხლაძე  სპეციალობით ჩაის ტექნოლოგია, მაგრამ, როგორც უამრავ ჩვენს თანამემამულეს, საქმიანობის სფეროს შეცვლა მოუხდა. მის ქალიშვილს ქობულეთში მცირე სავაჭრო ბიზნესი აქვს და ზაფხულში დამსვენებლებზე გათვლილ სხვადასხვა წვრილმანით ვაჭრობენ. სწორედ სამუშაო დღეს  ვესტუმრეთ და გავესაუბრეთ.

ოჯახი მხოლოდ სეზონური ბიზნესით არ კმაყოფილდება და რამდენიმე მიმართულებით საქმიანობს: სოფელში ჰყავთ ფუტკარი, რომელსაც, ძირითადად, ჩვენი გმირის მეუღლე პატრონობს; აგრეთვე კივის და თხილის ნარგავები. გასაკვირი არაა, რომ ქალბატონი ციალა დროის უქონლობის გამო ხანდაზმულთა ასოციაციის კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის ვეღარ იცლის; სამაგიეროდ, როდესაც ასოციაციამ რამდენიმე თვის წინ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამა განახორციელა, პროექტი წარადგინა. მიღებული გრანტით ოჯახმა სათბური დადგა და მასში პატარა მარწყვის პლანტაცია გააშენა:

- მარწყვის გაშენება და რეალიზაცია ჩემი დიდი ხნის ჩანაფიქრი იყო - ამბობს ქალბატონი ციალა - ძალიან ვემადლიერებით ამ ორგანიზაციას, რომელიც მის განხორციელებაში დამეხმარა. მიღებული დაფინანსებით სათბური გადავხურეთ, მერე ნერგებიც შევიძინეთ. თავდაპირველად ყვავილების ნაწილი მოვჭერით; ტექნოლოგიის მიხედვით ასე იყო საჭირო ფესვები უკეთ რომ განვითარებულიყო. ახლა უკვე პირველი ნაყოფი მოისხა და შედეგებს ველოდებით.

ახლა, როგორც ხედავთ, ქობულეთში ვმუშაობთ. როდესაც ტურისტული სეზონი დამთავრდება, დავბრუნდებით სოფელში და მეურნეობას მივხედავთ. მანამდე კი სათბურს ჩემი შვილი პატრონობს. მოსავალს აშკარად კარგი პირი უჩანს. სამომავლოდ პლანტაციის ფართობის გაფართოებას ვგეგმავთ. ცხადია, სიტუაციას შევხედავთ; თუკი მოსავლიანობა კარგი იქნება და რეალიზაციის კუთხითაც გაგვიმართლებს, ექვსასამდე ძირს კიდევ დავრგავთ.

                                                         ავტორი: მედეა გოგსაძე

 

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.  

უკან