http://www.awa.org.ge

„პროექტის დაწერას კიდევ ვაპირებ..“
ქალბატონი ციური ზოიძე დაახლოებით ნახევარი წელია რაც ორგანიზაციაში გაწევრიანდა . მის ოჯახს უკვე რამდენიმე წელია ოთხი სათბური აქვს გამართული; მთლიანობაში - ორი ათას ასი მეტრი სიგრძის. ჩვენი გმირი ყვავილების, მარწყვის და ბოსტნეულის კულტივაციითაა დაკავებული. ბოსტნეულიდან ორიენტაცია კიტრზე აქვთ აღებული. პომიდორი კი, ძირითადად, საოჯახო საჭიროებისთვის მოჰყავთ. ამხელა მეურნეობა, ცხადია, დიდ ჯაფას მოითხოვს და საქმის წარმატებით გასაგრძელებლად წამდაუწუმ უამრავი საჭიროება ჩნდება.
მოგეხსენებათ, ამინდი სოფლის მეურნეობის ყველაზე მთავარი მოკავშირე და, იმავდროულად, ყველაზე დაუძინებელი მტერიცაა. ქარიშხალმა ქალბატონი ციურის საოჯახო სათბურებს ცელოფანი ააგლიჯა. ეს იყო, მართლაც, წარმოუდგენელი კატასტროფა. მეურნეობა ყოფნა-არყოფნის საფრთხის წინაშე დადგა. გაითვალისწინეთ, დიდი ოჯახი, ძირითადად, სათბურებით სულდგმულობს. სწორედ ამ პრობლემით მოვიდა ჩვენი გმირი ხანდაზმულთა ასოციაციაში და, როგორც უამრავ სხვა მოქალაქეს, არც მას გაუცრუეს იმედები:
- ძალიან მადლობელი ვარ ხანდაზმულთა ასოციაცია „ღირსეული სიბერის“, სადაც გულთან ახლოს მიიტანეს ჩემი გასაჭირი და ოპერატიულად დამეხმარნენ. თუ სამომავლოდაც ასე შეგვიწყეს ხელი, სათბურების ფართობს დიდი სიამოვნებით კიდევ უფრო გავზრდიდი; ჯერჯერობით ყველაფერი მოფიქრების სტადიაშია.
დავწერ თუ არა კიდევ პროექტს? თუკი საქმეს წაადგება, რატომაც არა?! ასე რომ ხანდაზმულთა ასოციაციასთან ჩემი ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება.
ავტორი: მედეა გოგსაძე სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.  
უკან