http://www.awa.org.ge

დადგება დრო როდესაც ვნებები გვტოვებენ, განსაკუთრებით ისეთი, რომლებიც სამყაროს მოხვეჭაზეა მიმართული. გვტოვებენ ჩვენი დიდი სოციალური ამბიციების განხორციელების შესაძლებლობებიც და სწორედ აქ დგება დრო ნამდვილი სულიერი გამოცდის: პირადი ამბიციის მიღმა არსებული უსასყიდლო მსახურების უნარის არსებობა. კაცი (განსაკუთრებით კი ქართველი), პრინციპულად მხოლოდ კომუნალურ სივრცეში დამკვიდრება/გამონათების ხიბლით ცხოვრობს და მხოლოდ ამ ხიბლთან მიმართებაში აგებს ცხოვრებას. წლოვანების გამო ამ მისწრაფებებს და ამ ორიენტაციებს მოწყვეტილს, კაცისათვის ურთულესია იპოვოს საკუთარი თავი და ახალი ქმედების მოტივაცია. ამიტომ ვხედავთ ამდენ მორალურად ქანც გაწყვეტილ და ინერტულ ხანშიშესულ მამაკაცს ჩვენს გარშემო. საზოგადოებრივ ამბიციასთან შედარებით ქალისათვის საოჯახო საქმიანობა (მორალური თვალსაზრისით) უმთავრესია და მის მყარ ეგზიტენციურ ბაზას წარმოადგენს, ამიტომ ფართო საზოგადოებრივი ფუნქციის გაუქმება ქალისათვის ასე ტრავმატულად არ აღიქმება როგორც ეს კაცის ცხოვრებაში იჩენს თავს. ქართველი ქალი (პრინციპულად კი რუსიც, იტალიელიც, ფრანგიც, შვედიც) მთელი კეთილშობილებით, თავდადებით და მსახურების უმწიკლობით ცხოვრებას სწორედ ამ “ბაბუშკობის” მონაკვეთში იწყებს — ჩვენს ხანდაზმულ ქალებზე ლამაზი, მორალური თვალსაზრისით, არაფერი არ არი საქართველოში და თანაც უმრავლესობა ისეთ სისაღე/სიბრძნეს იჩენს, რომელიც ახალგაზრდობაში საერთოდ არ იყო მათ ხასიათში... ისინი ფეხზე მყარად მდგომ სუვერენულ სოციალურ არსებებად ყალიბდებიან და სულ უფრო ფოკუსირებულად ავლენენ ადამიანისათავის დამახასიათებელ ყველაზე ლამაზ თვისებას — მსახურებას. ამ ქალბატონებში მსახურების ენთუზიაზმი წლოვანების მომატებასთან ერთად კი არ კლებულობს, პირიქით — იზრდება. ამ წლოვანებაში სამყაროს წინაშე ქალის კეკლუცი ნარცისიზმი მთავრდება და თავს იჩენს უკეთილშობილესი ასკეტური პრინციპი: შრომა შრომისათვის, თავდადება თავდადებისათვის და მსახურება მსახურებისათვის. დასავლეთში კერძო მაღაზიებს ხშირად ხანშიშესული ქალბატონები უძღვებიან (Tante Emma Laden) და ასეთი მაღაზიების ატმოსფეროს, შარმს, მოწესრიგებულობას და ადამიანურ სითბოს ვერავითარი სხვა ვერ შეედრება. ასეთ მაღაზიებში ბევრჯერ მხოლოდ იმისათვის შევსულვარ, რომ ეს მშვიდი, ცხოვრების უსაშველო ამბიციურ აურზაურს სრულიად გამონთავისუფლებული აურა მეგრძნო, რომელიც სამყაროს ჭეშმარიტ ფასეულობებთან ბევრად უფრო ახლოს დგას ვიდრე ამ სივრცის გარეთ არსებული აურზაური. ბევრჯერ მინახია ასეთ სივრცეში შემოსული აღზნებული ახალგაზრდები, რომლებსაც ამ აღწერილი ატმოსფეროს გამო იმ წამსვე სიწყნარე და რიდი დაუფლებიათ. ამ სპეციფიურ, უკეთილშობილეს პერიოდს, ხანშიშესული ქალბატონების ცხოვრებაში, ღრმა გაგებით მოკიდება და დაფასება სჭირდება — ჩვენგან ყველასგან და ასევე რასაკვირველი სახელმწიფოსგანაც. ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ შესაძლებლობა თავისი სურილისა და შესაძლებლობის დაგვარად დასაქმდნენ და ამით ის ახალი ადამიანური ხარისხი და ქმედების ტიპი, რაც მათ მოაქვთ სამყაროში ამ პერიოდში, მისაბაძ მაგალითად დაამკვიდრონ გარემოში. ეს უდავოდ დიდი დახმარების გამწევი შეიძლება იყოს საზოგადოებისათვის.

უკან