http://www.awa.org.ge


ესპანურენოვანი მხატვარი ქალი, რომელიც ხატავს იმიტომ, რომ იძულებულია

ამას წინათ მანჰეტენის იუნიონ სკვერთან, სხვენზე მდებარე თავისი სახელოსნოს თუნუქის სახურავის შემინული ნაწილის ქვეშ, საძულველ ინვალიდის სავარძელში მეფურად მჯდომი 94 წლის აბსტრაქციონისტი მხატვარი კარმენ ერერა შამპანურს წრუპავდა.

ქალბატონი ერერა 60 წელი თავისთვის ხატავდა. პირველი ნამუშევარი ხუთი წლის წინ, 89 წლის ასაკში გაყიდა. მის პატივსაცემად მოწყობილ პატარა ცერემონიაზე იგრძნო, რომ მისი კარიერა ბოლოსდაბოლოს დაიწყო. ფოტოკამერების ნათების ფონზე ჯაკომეტის მსგავსი გრძელი თითებით გამოართვა მინეაპოლისის უოკერის ხელოვნების ცენტრის დირექტორს ხელოვნების ფონდის ჯილდო.

მისმა ახლო მეგობარმა ტონი ბეჩარამ ჭიქა ასწია. "ჩვენთან, პუერტო-რიკოში ამბობენ, - თქვა მან, - რომ ავტობუსი, გუაგუა, აუცილებლად მოვა იმასთან, ვინც მას ელოდება".

კუბაში დაბადებულ ქალბატონ ერერას ხმამაღლა გაეცინა. "იცი, ტონი, ავტობუსის გაჩერებაზე 94 წელიწადი გავატარე!"

2004 წელს პირველი ნახატის გაყიდვის შემდეგ კოლექციონერები ქალბატონ ერერას გამუდმებით დასდევენ. მისი ნათელი მაგრამ ასკეტური სურათები ისეთი დაწესებულებების მუდმივ კოლექციებში მოხვდა, როგორიცაა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ჰირშჰორნის მუზეუმი და Tate Modern. გასულ ზაფხულს ინგლისში გამართულ რეტროსპექტულ გამოფენაზე ლონდონის გაზეთმა "ობზერვერმა" მას ათწლეულის აღმოჩენა უწოდა და კითხვაც დასვა, როგორ გამოგვრჩა მხედველობიდან ეს მშვენიერი კომპოზიციებიო.

ერთი სიტყვით, ლამის ას წელს მიღწეული ართრიტიანი ქალბატონი ერერა, რომელიც სახლში ხატავს, ყურადღების ცენტრში მოექცა.

"ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ იძულებული ვარ. ეს იძულებითი სამუშაო სიამოვნებას მანიჭებს, - ხატვაზე საუბრისას ამბობს ის. - ფულზე ცხოვრებაში არასოდეს მიზრუნია და დიდებაც რაღაც ძალიან ვულგარული რამ მეგონა. უბრალოდ ვმუშაობდი და ველოდი. და აი, ცხოვრების დასასრულს დიდი აღიარებაც მოვიდა, რაც, რა თქმა უნდა, მაოცებს და მსიამოვნებს კიდეც".

აღმოსავლეთ ჰარლემის El Museo del Barrio-ს დირექტორმა ხულიან სუგასაგოიტიამ ქალბატონ ერერას "თავისი ხელოვნების ჩუმი მეომარი" უწოდა.

"რა აზრი აქვს იმაზე ლაპარაკს, რომ კარმენ ერერას აღიარებამ დაიგვიანა იმიტომ, რომ ქალი ან ემიგრანტი მხატვარი ან მხატვარი, რომელიც დროს უსწრებს, დიდ სიძნელეებს აწყდება. აღიარება მასთან 94 წლის ასაკში მოვიდა, ეს კი უეჭველად იმის ნიშანია, რომ ის ძლიერი პიროვნებაა", - თქვა მან.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ქალბატონ ერერას კრიტიკოსები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ როგორც მინიმალისტს, რომლის ტილოებზეც ფერადი გეომეტრიული ფორმებია გამოსახული. ნიუ იორკის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის პროფესორი ედუარდ სალივანის თქმით, ვინც მის "შესანიშნავ მონუმენტურ პორტრეტულ ნახატებს" სწავლობს, მას სულ უფრო ხშირად უწოდებს მნიშვნელოვან ფიგურას.

XX საუკუნის 30-იანი წლებიდან ქალბატონი ერერა თითქმის მარტოობაში ხატავს. გამოფენებიც იშვიათად ჰქონია. ამბობს, რომ ამ საქმეში ურყევად უჭერდა მხარს მეუღლე, მანჰეტენის სტუივესანტის საშუალო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ჯესი ლევენტალი, რომელთანაც 61 წელი იცხოვრა. ბატონი ლევენტალის პორტრეტი მისმა კოლეგამ მემუარისტმა ფრენკ მაკკორტმა დახატა. პორტრეტზე ის გამოსახულია როგორც ძველი დროის მეცნიერი "ელეგანტურ კოსტუმში, რომლის ჟილეტზეც ოქროს საათის ძეწკვი მოჩანს".

აღიარება ქალბატონ ერერასთან 1998 წელს მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 2000 წელს მოვიდა. "ყველა ამბობს, რომ ჯესიმ ამას ზემოდან შეუწყო ხელი, - თქვა ქალბატონმა ერერამ და თავი გაიქნია. - ჰო, მართალია. ჯესი ღრუბლებშია, - და დასძინა: მეც ბეჯითად ვიმუშავე. შეიძლება ჩემი დამსახურება იყოს".

ქალბატონი ერერა 1915 წელს ჰავანაში დაიბადა. მამამისი ყოველდღიურ გაზეთ "ელ მუნდოს" დამფუძნებელი რედაქტორი იყო, დედა კი - ჟურნალისტი. ხატვას ბავშვობიდან სწავლობდა, სკოლა პარიზში დაამთავრა, შემდეგ კი არქიტექტურაში საუნივერსიტეტო ხარისხის მოსაპოვებლად კუბის უნივერსიტეტში სწავლობდა. სწავლა დამთავრებული არ ჰქონდა, როცა 1939 წელს ბატონ ლევენტალს გაჰყვა ცოლად და საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა (შვილები არ ჰქოლიათ.)

თუმცა ნიუ იორკის ხელოვნების ლიგაში სწავლობდა, მხატვრობისადმი მიდრეკილება მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, როცა მეუღლესთან ერთად II მსოფლიო ომის შემდეგ რამდენიმე წლით საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. იქ გავლენიანი "ახალი რეალობების სალონის" აბსტრაქციონისტ მხატვართა ჯგუფი გაიცნო. მათ კი მისი ნამუშევრები იოზეფ ალბერსის, ჟან არპის, სონია დელონესა და სხვების სურათებთან ერთად გამოიტანეს გამოფენაზე.

"სურათების ლექსიკონს ვეძებდი და სწორედ იქ ვიპოვე, - თქვა მან, - მაგრამ როცა ნიუ იორკში დავბრუნდით, ამ ტიპის ხელოვნება მიუღებელი იყო. მოდაში აბსტრაქტული იმპრესიონიზმი იყო და გამოფენაზე ვერ მოვხვდი".

ქალბატონი ერერას თქმით, ის ესპანურენოვანობისა და სქესის გამო შექმნილ ბარიერებსაც "დაბრკოლებად" აღიქვამდა.

ესეც რომ არ ყოფილიყო, "მისი ხელოვნება იმ დროს ადვილად აღსაქმელი არ იყო, - ამბობს ბატონი სუგასაგოიტია, - ის კუბის პეიზაჟებსა და ტროპიკულ ყვავილებს არ ხატავდა, რასაც პარიზში ნაცხოვრები კუბელი ემიგრანტისგან ელოდნენ. მან დროს გაუსწრო".

წლების განმავლობაში ქალბატონ ერერას აქა-იქ გამოფენებიც ჰქონდა, რამდენიმე - მუზეუმებშიც კი, თუმცა გაყიდვით არაფერი გაუყიდია და დიდად არც უცდია ბაზარზე დამკვიდრებულიყო. "კარგი იქნებოდა, მაგრამ შეიძლებოდა საქმე გაფუჭებულიყო კიდეც", - თქვა მან.

მისი დიდი ნახატები ახლა 30 ათას დოლარად იყიდება, ერთი სურათი კი 44 ათასადაც კი გაიყიდა. ეს თანხები ათიოდე წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა. "ახლა მეტი ფული მაქვს, ვიდრე ოდესმე ცხოვრებაში მქონია," - თქვა მან.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უსაქმურობას მისცა თავი. დიდ მაგიდასთან, საიდანაც ის "ფრანგი კონსიერჟივით" გადაჰყურებს აღმოსავლეთის მე-19 ქუჩას, ქალბატონი ერერა ახლაც ხაზავს და ხატავს. "სწორი ხაზები მიყვარს. ხატვის გაგრძელების ძალას სწორედ ეს მაძლევს," - თქვა მან.

დებორა ზონტაგი  

http://24saati.ge     06.01.10