http://www.awa.org.ge


ბოლშევიზმის სისასტიკესა და უსამართლობაზე ბევრი დაწერილა და ამ თემას საზოგადოება პერიოდულად უბრუნდება ხოლმე. ეს არ გახლავთ ყურმოკრული ამბავი, იგი არც თუ ისე დიდი ხნის წინათ აქვე ჩვენს გვერდით ხდებოდა. მისი არაერთი მსხვერპლიც სადღეისოდ ჩვენს გვერდითაა. რაც მათ გამოიარეს, ნამდვილი ჯოჯოხეთია. დღეს მათ, როგორც არასდროს, ისე სჭირდებათ თანაგრძნობა, დახმარება და სოციალური დაცვა.  ისტორიას, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, იმ ასიათასობით ადამიანის სასტიკი ხვედრისგან მხოლოდ იმით გამოირჩევა, რომ პარადოქსულ დონეზეა აყვანილი უსამართლობა, განუკითხაობა და აბუჩად აგდება. ფადიმე მემედის ასული გვიანიძე (მისი ქალიშვილობის გვარი ჯინჭარაძეა) ქედის რაიონში , დოლოგანში გაიზარდა. 1948 წელს, 16 წლის გოგონამ ვები გვიანიძესთან ნამდვილი სიყვარულით შექმნა ოჯახი და მას თავი ქვეყნად ყველაზე ბედნიერ ადამიანად წარმოედგინა. მალე ვაჯიშვილიც შეეძინათ, ომი ახალდამთავრებული იყო, ქვეყანა ფეხზე დგებოდა, მათ ბედნიერებას თითქოსდა არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა... 1951 წლის გაზაფხულზე, მეუღლე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, ერთი თვის შემდეგ ფადიმე გვიანიძე ერთი წლის ვაჯიშვილთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდა მშობლებთან, სოფელ დოლოგანში, როცა მამისეულ სახლთან სატვირთო მანქანა გაჩერდა, ფორმიანი ”შინსახკომელები” გადმოვიდნენ, ერთი საათი დრო მისცეს მოსამზადებლად. ცალ ხელში ორიოდ დღის საგზალი და პირადი ნივთების ფუთა, მეორეში -ჯერ ფეხაუდგმელი ჩვილი მიაჩეჩეს და ძარაზე შესვეს. ბათუმში, რკინიგზის სადგურზე, მათ წითელი სატვირთო ვაგონი ელოდებოდათ, სადაც მას ქმრის დიდი ოჯახის ყველა წევრი ”ელოდებოდა”. ისინიც სასწრაფოდ წამოეყვანათ. მათთვის ელემენტალური პირადი ნივთებისა და რამდენიმე დღის სამყოფი სანოვაგის წამოღების ნება დაერთოთ. ხის ვაგონში მათთან ერთად კიდევ ხუთი გასახლებული ოჯახი იყო. ყველანი ერთი კუთხიდან იყვნენ. ვაგონში საშინელი სიტუაცია სუფევდა: მრავალსულიან ოჯახებს ერთმანეთისაგან ზეწრები ჰყოფდა. ვაგონის ერთ კუთხეში სახელდახელო სანიტარიული კვანძი და ტუალეტი მოეწყოთ. ვაგონს НКВД-ის თანამშრომლები აცილებდნენ, მათთვის ვაგონის შესასვლელში იზოლირებული, ჯიხურის მსგავსი რამ იყო მოწყობილი. მათი თანხლების და მეთვალყურეობის გარეშე , გადასახლებულებს სადგურებზე თუნდაც წყლის მარაგის შესავსებად ჩასვლის უფლება არ ჰქონდათ. ბათუმიდან ყაზახეთამდე თითქმის 25 დღე ვმგზავრობდით; ჩასვლისთანავე სპეციალური მანქანით გადაგვიყვანეს ჯამბულის ოლქის ოლიჩოვსკის რაიონის ამანგელდის სასოფლო საბჭოში შემავალ კოლმეურნეობაში, რომელიც ბამბის კულტურის მოყვანაზე იყო ორიენტირებული. გადასახლებაშიც საშინელ პირობებსა და გაჭირვებაში უხდებოდათ ცხოვრება თუმცა სჯობს ისევ 77 წლის ფადიმე გვიანიძის მონათხრობი მოვისმინოთ. -გადასახლებაში ისე მოვხვდი, რომ არავის განუმარტავს რისთვის, რა დანაშაულის გამო ვიმყოფებოდი ამ მდგომარეობაში. იქაც კი, სადაც შესაძლოა, მართლაც იყვნენ კონკრეტული დამნაშავენი, გულწრფელად უკვირდათ, რომ მე, კომკავშირელი ქალი, თანაც ჩვილი ბავშვის დედა , რომლის ქმარიც სოციალისტური სამშობლოს სადარაჯოზე იყო და იარაღით იცავდა ქვეყნის საზღვარს, მისი მშობლები, ბებია, სამი და, ორი ძმა, გადასახლებაში იტანჯებოდნენ. ჩვენ ყველანი ყოველ 15 დღეში ერთხელ , აუცილებელ საკომენდანტო შემოწმებას გავდიოდით და ძალზე მკაცრი შეზღუდვები და აკრძალვები გვქონდა. მატერიალურადაც ძალიან გვიჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბავშვის გარდა, ყველანი ბამბის პლანტაციაში ვმუშაობდით, თავის გატანა მაინც ძალიან. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, იქაური კოლმეურნეობის საერთო მიწური საცხოვრებელი, სადაც ორ პატარა ოთახში ვიყავით შეყუჟულები 10 სული. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მთელი ჩვენი გადასახლების პერიოდში, ჩემმა ქმარმა არ იცოდა, რომ მისი ოჯახი რეპრესირებული იყო. წერილებს ვერც ვღებულობდით და ვერც ვაგზავნიდით.
 სტალინის გარდაცვალების შემდეგ, შინ დაბრუნების იმედი მოგვეცა, საამისოდ დადგენილებაც კი გამოვიდა და ყოველდღე ველოდით სამშობლოში წამოსვლას, ორი თვით კიდევ დაგვაყოვნეს. თუმცა, შემოდგომაზე, მაინც დაგვაბრუნეს. ბათუმში ზუსტად 7 ნოემბერს, დილით ჩამოვედით. ირგვლივ იმდროინდელი სადღესასწაულო განწყობა სუფევდა, თუმცა, ჩვენ დაბრუნება უფრო გვიხაროდა, ვინდრე ბოლშევიკური ზეიმი. გამოვცხადდით, სადაც საჭირო იყო, მივიღეთ ნებართვა და საღამოს უკვე სახლში ვიყავით. სახლი ვახსენე, თორემ ყველაფერი ნასახლარს ჰგავდა, რისი წაღებაც შეეძლოთ-წაეღოთ, ამდენი ხნის განმავლობაში მიტოვებული და კარ მიდამო გავერანებულიყო, ყველაფერი თავიდან იყო დასაწყები. სანათესაო და მეზობლები ცოტა შიშნარევი განცდით, მაგრამ მაინც გვედგნენ გვერდში. ჩვენს ადრინდელ ანგარიშზე კოლმეურნეობაში რიცხული 400 კილო სიმინდის ნაცვლად, ამდენივე, ხორბალი მოგვცეს და თავი იმით გავიტანეთ. ისე, როცა მამამთილის ოჯახი გაასახლეს, ნალიაში 4 ტონაზე მეტი სიმინდი იყო, დერგები თაფლს ვერ იტევდა და ბოსელი-საქონელს. ჩვენ კი თითქმის არაფრის მქონენი დავბრუნდით და თანაც, გვიან შემოდგომაზე. სარჩო რომ მოგვეპოვებინა და მოგვეწია, მომავალი წლის გაზაფხულისთვის უნდა გვეცადა. არადა, წინ მძიმე ზამთარი გველოდა და მოგეხსენებათ, ზემო აჭარაში ზამთარი ხანგრძლივი და მკაცრი იცის... თუმცა, მთავარი მაინც ჩემი მეუღლის დაბრუნება იყო. გინდ დამიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ მსგავსი რამ ვერც კი არც წარმომედგინდა, ჩემი მეუღლე, ჩვენს სახლში დაბრუნებიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ ჩამოვიდა დემობილიზებული. მას ოჯახის ასე გამამწარებელი ხელისუფლებისგან ნაბოძები ჯილდოები უმშვენებდა მკერდს. ჩვენ ასეთ ყოფაში რომ გვნახა და როცა გაიგო, თუ რა დღეში ვიყავით სამი ჯოჯოხეთური წლის განმავლობაში, დაბრუნების სიხარული სახეზე შეეყინა და მთელი ცხოვრება ლაზათიანად არც უმხიიარულია, სიმწრისა და შეურაცყოფისაგან ლამის დადნა კაცი... მთელი ჩემი ტრაგიზმი და უბედურება ისაა, რომ არც მაშინ და არც შემდეგ, არავის , მიუხედავად ათობით წერილისა და თხოვნისა , პასუხი არ გაუცია , თუ რა მოხდა, რისთვის გაგვიმეტეს ასე... სხვადასხვა ინსტანციებში გაგზავნილ წერილებზე მოკლედ და არაფრისმთქმელად გვპირდებოდნენ, რომ კონკრეტულ პასუხს გადასახლების მიზეზებზე აუცილებლად მივირებდით. მერე ჩვენც დავიღალეთ ამ ტყუილებით და წერილების გაგზავნასაც თავი დავანებეთ. მოკლედ, თითქმის დაუჯერებელი ისტორიაა, მაგრამ ყველაფერი ასე მოხდა. სანამ მოხუცებულობის პენსიაზე გავიდოდი ვღებულობდი რეპრესირებულის პენსიას. მეტი არაფერი. ამჟამად ვცხოვრობ ქობულეთის რაიონის სოფ. ციხისძირში. მეუღლე კარგა ხანია გარდამეცვალა. მყავს დიდი და კარგი ოჯახი, შვილებმა, შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა ძველი ტკივილი თითქმის დამავიწყეს, თუმცა შთამომავლობამ ყველაფერი უნდა იცოდეს და იგი არასოდეს არ უნდა განმეორდეს. ჩემნაირი რეპრესირებული ადამიანები საკმაოდაა, მატ საზოგადოების მხრიდან უფრო მეტი ყურადღება და თანადგომა სჭირდებათ, თაობებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ სიცოცხლე ერთია და ვიღაცის ხუშტურების გამოიგი არავის არ უნდა ჩამწარდეს. აი ასეთი დაუჯერებელი თავგადასავალი მოგვითხრო რეპრესირებულმა ქალბატონმა, რომელიც დღესაც ელოდება პასუხს, თუ რისთვის დაისაჯა ასე სასტიკად და დაუმსახურებლად.

ნუგზარ ჟორდანია ,,ჩემი ქობულეთი"

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>