http://www.awa.org.ge


სიბერე შინ, შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში, თუ პანსიონატში?

დიდხანს მოცდა არ მჭირდება. დაკაკუნებიდან რამდენიმე წამში თეთრად შეღებილ ხის კარს ჩია, თეთრთმიანი ბერიკაცი აღებს და შიგნით უსიტყვოდ მეპატიჟება. 13-იოდე კვ.მ. ოთახის მთელი ატრიბუტიკა რკინის საწოლი და ნახატებით სავსე მომცრო მაგიდაა. კედელზე ქალის ჩარჩოში ჩასმული შავ-თეთრი ფოტო ჰკიდია.
„ჩემი გარდაცვლილი მეუღლეა", - მიხსნის 87 წლის შოთა ბიძინაშვილი და მაგიდის უჯრიდან სხვა ფოტოებსაც იღებს: „ეს ნოვგოროდშია გადაღებული. ეს - ჩემი შვილი და მე, ეს - ჩემი მეუღლე და მე".
ბატონ შოთას მეუღლე და ქალიშვილი გარდაეცვალა. ქალიშვილისგან კი ორი შვილიშვილი დარჩა. ამიტომ,  3 წლის წინ, სრულიად მარტოდ დარჩენილმა, მიიღო აბსოლუტურად შეგნებული გადაწყვეტილება, საცხოვრებლად მოხუცთა პანსიონატში გადასულიყო. დაწერა განცხადება თბილისში, თემქის ხანდაზმულთა პანსიონატის სახელზე და რიგში ჩადგა. სამწლიანი ლოდინის შემდეგ, პანსიონატში მიიღეს.
შოთა ბიძინაშვილთან ერთად დღეს იქ 113 ხანდაზმული ცხოვრობს. ეს ნიშნავს, რომ პანსიონატი სავსეა - მიუხედავად იმისა, რომ წელს მესამე სართულზე განთავსებული ბიბლიოთეკა გააუქმეს და მის ადგილას დამატებითი ოთახები მოაწყვეს, მეტის ადგილი იქ ჯერჯერობით არ აქვთ. ამიტომ მსურველთა 26-კაციან სიაში რეგისტრირებული მოხუცები პანსიონატში მხოლოდ მაშინ მოხვდებიან, როცა რომელიმე ადგილი გათავისუფლდება.
კერძო და სახელმწიფო პანსიონატების ხელმძღვანელები ასკვნიან, რომ მოხუცთა თავშესაფრებზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა. ერთ-ერთ კერძო პანსიონატშიც ამბობენ, რომ მათ პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები, თუ მათი ნათესავები ყოველდღე 5-6-ჯერ მაინც რეკავენ.
საქართველოში მოხუცებისთვის ორი სახელმწიფო დაწესებულებაა გახსნილი - ერთი თბილისში, თემქაზე, მეორე - ქუთაისში. თბილისში ასევე მოქმედებს 15-მდე კერძო ორგანიზაციაც, სადაც მოხუცებს საცხოვრებლად გადასვლა შეუძლიათ.
პირობები სახელმწიფო და კერძო პანსიონატებს შორის რადიკალურად განსხვავდება. თემქაზე მაგალითად, ზამთრობით სასადილო ოთახი უქმად ცდება, რადგან პირველ სართულზე გათბობა არაა და მოხუცებს იქ ვერ ასადილებენ. პანსიონატის ბინადართა ოთახებიც ელექტროღუმელებით ინდივიდუალურად თბება და ასე იქნება იქამდე, ვიდრე მომავალ წელს მთელ შენობაში არ გაიყვანენ ცენტრალურ გათბობას. კერძო ორგანიზაცია "ბეთელში" მცხოვრებ 90 წლის ელენე კობახიძეს კი ნათელი და თბილი ოთახი აქვს, საკუთარი, ახლად გარემონტებული სველი წერტილით, კომფორტული ავეჯით, ფუმფულა საწოლით, დიდი ფანჯრითა და ტელევიზორით. ამ კომფორტისთვის ელენე კობახიძე ყოველთვიურად საკუთარი პენსიის ნახევარს იხდის. სახელმწიფო პანსიონატებში მცხოვრები თითოეული მოხუცისთვის კი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ბიუჯეტიდან თვეში 600 ლარს გამოყოფს და მოხუცებს დამატებით არაფრის გადახდა აღარ სჭირდებათ. თუმცა, კანონის თანახმად, ამ თანხის მიმღები აუცილებლად სოციალურად დაუცველი პირი უნდა იყოს. თუმცა, ფაქტია, რომ გაძვირებულ ფასებთან და, რაც მთავარია, სიბერის თანმხლებ დაავადებებთან გამკლავება, მხოლოდ საკუთარი პენსიით, ანუ თვეში საშუალოდ 80 ლარით, ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელ მოხუცს უჭირს.
ეს კიდევ რთულია  2011 წლიდან - მას შემდეგ, რაც სახელმწიფო პროგრამის საკმაოდ გრძელი სათაური - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა, და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამა" - ერთი სიტყვით შემოკლდა: პროგრამის სახელწოდებიდან ამოვარდა სიტყვა "ხანდაზმული". ამ მცირედი ლექსიკური ცვლილების გამო კი, მოხუცების დაცვა კანონიერ ჩარჩოებს გასცდა და ახლა სახელმწიფოს ზრუნვა მოხუცებზე მხოლოდ იმ 600 ლარით გამოიხატება, რომელიც პანსიონატში მცხოვრებ თითოეულ მოხუცზე წელიწადში იხარჯება.
ამიტომ ბევრი ხანდაზმულისთვის, რომელიც სიბერეში სხვადასხვა მიზეზის გამო, მარტო დარჩა, თავშესაფარში გადასვლა არის არა მხოლოდ მარტოობასთან გამკლავებისა და ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნების შანსი, არამედ, პირველ რიგში, კვების, ღამის გასათევისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური პაკეტის მოპოვების საშუალებაც.
თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრებ მოხუცებთან გასაუბრებისას ირკვევა, რომ ისინი იქ განსხვავებული მიზეზებით მოხვდნენ. ზოგი უსახლკაროდ დარჩა, ზოგს შვილი გარდაეცვალა და საკუთარ თავზე ზრუნვა მარტომ ვეღარ შეძლო, ზოგს კი შვილიც ჰყავს და შვილიშვილებიც, მაგრამ მათთვის ზედმეტ ბარგად რომ არ ქცეულიყო, მაინც აქ მოსვლა გადაწყვიტა, თვითონვე მოიძია ეს პანსიონატი და განცხადებაც თავისი ხელით დაწერა. თუმცა, იმას, რომ პანსიონატში წამოსვლა შვილების გამო გადაწყვიტეს, მოხუცები იშვიათ შემთხვევაში აღიარებენ. პანსიონატის ფსიქოლოგი, ელენ არღვლიანი ამბობს: "შეიძლება  სახლიდან არ გააგდონ,  მაგრამ თვითონ მოხუცი გრძნობს ყველაფერს და არ უნდა, ზედმეტი ტვირთი გახდეს. ამიტომ გამორბის ოჯახიდან, მაგრამ, რაც არ უნდა შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი, შვილებისა და შვილიშვილების სახელს მაინც უფრთხილდება და ცრუობს, რომ აქ მოსვლა თვითონ გადაწყვიტა".
დერეფანში საუზმის მიმტანები ბორბლებიან მაგიდას მიაგორებენ, საუზმე პანსიონატში ახლახან დასრულდა. მოხუცებმა ბრინჯის ფაფა რძით, ჩაი, შაქარი, პური და პეჩენია მიირთვეს. ერთ-ერთ ოთახში, მაგიდას სათვალიანი, ჭაღარათმიანი ქალბატონი უზის. სარკის წინ პომადა, იოდი და სავარცხელი უდევს. კედელზე კი პატრიარქისა და შვილების სურათები აქვს გაკრული.
„აქ რატომ მოვედი? - ხმა ებზარება მას,  - ჩემს ორივე ვაჟს საკუთარი ოჯახი ჰყავს. დედამთილთან ერთ ჭერ-ქვეშ ცხოვრება კი რძლებმა არ მოისურვეს".
„კარგი შვილების პატრონს აქ რა უნდა? - ამბობს კიდევ ერთი ქალბატონი კერძო პანსიონატიდან, რომელსაც საკუთარი სახელის გამხელა არ სურს, - რძალმა დამინგრია ოჯახი. გოგო კი ესპანეთშია და მეც აქ ამიტომ ვარ".
იმ სირცხვილის მიზეზი, რასაც თუნდაც ეს ქალბატონები პანსიონატში ცხოვრების გამო განიცდიან, ადგილობრივი ტრადიციებია. ზოგადად, კავკასიური და მათ შორის, ქართული წეს-ჩვეულებების მიხედვით, ჩვენთან დღემდე ნორმალურად ითვლება ის, რომ ერთ ჭერ-ქვეშ ცხოვრობდნენ ოჯახის სამივე თაობის წარმომადგენლები. შესაბამისად, ასეთ საზოგადოებაში პანსიონატში გადასვლა საყოველთაოდ მიღებული ნორმის დარღვევად ითვლება და ხანშიშესული ადამიანებისთვის ისეთ ფსიქოლოგიურ ტრავმას იწვევს, რომ შეიძლება, მათ დღეგრძელობაზეც იმოქმედოს.
1980-იან წლებში, საქართველოს თერაპიის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა, რომ ქართველი მოხუცის დღეგრძელობა პირდაპირ კავშირშია მის საცხოვრებელ ადგილთან: საკუთარ ოჯახში მყოფი  მოხუცი უფრო დიდხანს ცხოვრობს, ვიდრე ის, ვინც ნაჩვევ გარემოს მოშორებულია.
„კავკასიაში მიღებულია, რომ მოხუცი შვილებთან და შვილიშვილებთან უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ მათთვის ზედმეტ ტვირთად  არ უნდა იქცეს,  - ამბობს გერონტოლოგი, ტატიანა ზუბიაშვილი, - შვილი ვალდებულია, მოხუც მშობელს უკან დაუბრუნოს ის ამაგი, რაც დედამ და მამამ ახალგაზრდობაში მისთვის გასცეს".
წლების განმავლობაში ასე მკაცრად გაწერილი ურთიერთობების გამო კი, ბუნებრივია, მშობლის თავშესაფარში გაგზავნა ბევრი შვილისთვის სინდისის ქენჯნის მიზეზი ხდება, რეგიონებში კი, თითქმის მიუღებელ, წარმოუდგენელ საქციელად ითვლება.
„დარწმუნებული ვარ, რომ მოხუცების თავშესაფარში, ზუგდიდში რომ გახსნან, იქ თავის მშობელს არავინ მიიყვანს", - ამბობს სამეგრელოში მცხოვრები ქალბატონი, რომელიც მოხუც მამას უვლის.
ფონდ "თაობის" დირექტორის, უჩა ვახანიასთვის, საკითხისადმი მსგავსი მიდგომა, უბრალოდ, ფასდაუდებელი რესურსია, რომელიც მოხუცების შინ მოვლის ინსტიტუტის განსავითარებლად უნდა  გამოვიყენოთ.
„აჭარაში ავადმყოფის მოსავლელად უცხოს არ მიგაკარებენ. ავადმყოფი წევს გაქათქათებულ თეთრეულში, მარტოხელაც რომ იყოს, მეზობელი არ მიგიშვებს, რომ დაბანო. თემის სირცხვილი იქნება, რომ ვიღაც მედდა მოვიდეს და რაღაცით დაეხმაროს მოხუცს. ეს შესანიშნავი ტენდენციაა და უზარმაზარი რესურსი - თემის თანადგომის კულტურა", - ამბობს ვახანია.
ვახანია საქართველოში შინმოვლის კოალიციას ხელმძღვანელობს და ფიქრობს, რომ ჩვენთან ხანდაზმულთა კერძო პანსიონატების მომრავლების ნაცვლად, სახელმწიფო რესურსის დიდი ნაწილი სწორედ მოხუცთა შინმოვლის სამსახურის განვითარებაზე უნდა დაიხარჯოს.
მისთვის დაუშვებელია მიდგომა, როცა შვილები მშობლების თავიდან მოშორებას შესაძლო შედეგებზე დაუფიქრებლად ცდილობენ. „ახლახან დარეკა ჩვენთან ვიღაცამ და იკითხა: "მოხუცებს თქვენთან იბარებენ?" ვუპასუხე, "არა, ჩვენთან ბოთლებს იბარებენ-მეთქი. ეს თბილისიდან შემოსული ზარი იყო და უარესებიც არის. მინახავს კარგი თავშესაფრები, მაგრამ იქ ბედნიერი სახეები - არა. ბედნიერება მოხუცისთვის მხოლოდ საკუთარ სახლშია, მოხუცი ავადმყოფის მოვლა "ოჯახის ღირსებაა".
უჩა ვახანია ახლა შინმოვლის ქართულ მოდელზე მუშაობას და გეგმის პარლამენტში წარდგენას შემოდგომისთვის აპირებს. მისი გეგმის მიხედვით, მოხუცების მოვლის ძირითადი სახელმწიფო მიდგომა „ქვეყნის კულტურის ორგანული ნაწილი უნდა იყოს". სწორედ ამიტომ, თითოეული მოხუცი საკუთარ სახლში უნდა დარჩეს, ოჯახის წევრებს კი მის მოვლაში სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ექთანი, ექიმი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი უნდა დაეხმაროს. მათი მოვალეობა იქნება მოხუცის დაბანა, ჩაცმასა და საკვების მიღებაში დახმარება, ფსიქოლოგიური კონსულტაცია, სოციალური მომსახურების შესახებ ინფორმირება და ზოგჯერ პენსიის ასაღებად ბანკშიც წასვლაც, თუ ეს მოხუცს თვითონ არ შეუძლია, ან მისი შვილები იმ მომენტში ადგილზე არ არიან. ვახანიას პროექტის მიხედვით, სახელმწიფოს ეს მომსახურება თითოეული მოხუცის შემთხვევაში წლიურად 2000 ევრო დაუჯდება.
თუმცა ეს მოდელი წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი, ყველა, ვისაც მოხუცი მშობელი ჰყავს, გააცნობიერებს იმას, რომ ხანშიშესულ დედაზე და მამაზე ზრუნვა მხოლოდ კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა, მისი საჭირო მედიკამენტებით მომარაგება, ანდა პროფესიონალი ექთნის მომსახურებით უზრუნველყოფა არაა. ცხადია, შვილებთან და შვილიშვილებთან ყოველდღიური ურთიერთობა თითოეული მოხუცისთვის ძალიან ძვირფასი რამაა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათთვის კომფორტსა და ოჯახურ ურთიერთობებზე გაცილებით უფრო აქტუალური და მტკივნეულიც შვილების სახლში უფუნქციოდ გამოკეტვა ხდება.
ამ მდგომარეობაში ზოგიერთი მოხუცი საკუთარ საქმეს და ძველ სტატუსსა და გავლენას მისტირის, ზოგიერთისთვის კი მტკივნეულია თუნდაც საკუთარი ხელით აშენებული სახლისა და კარ-მიდამოს დატოვება მხოლოდ იმიტომ, რომ ქალაქში გადასახლებულ შვილებს სოფელში დარჩენილ მშობლებზე ზრუნვა შორიდან უჭირთ.
„ჩემი ხელით გაშენებული ბაღ-ბოსტანი და ხეხილი მქონდა, დიდი სახლიც. მაგრამ შვილები დაქორწინდნენ, ცალკე ცხოვრობენ და მე კიდევ უკვე მოვხუცდი, ოჯახის მოვლა არ შემიძლია", - ამბობს ქალბატონი, რომელიც იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა და საცხოვრებლად თემქის პანსიონატში გადასულიყო.
სწორედ ამ პრობლემიდან პოულობენ გამოსავალს ევროპასა და ამერიკაში მცხოვრები მოხუცები, როცა საცხოვრებლად პანსიონატებში გადადიან. თუმცა, ეს დღეს მათთვის გაცილებით ნაკლებ მტკივნეულია, ვიდრე - ქართველი მოხუცებისთვის. თუკი საქართველოში თავშესაფარში ცხოვრება მხოლოდ უკიდურეს გაჭირვებასთან, ანდა დიდ ოჯახურ პრობლემასთან ასოცირდება, დასავლურ კულტურაში ეს ხშირად მოხუცისთვის არის, უბრალოდ, შანსი, ისევ სრულფასოვნად იცხოვროს და საკუთარი ასაკის ადამიანებთან ახალი ურთიერთობები დაამყაროს.
სოციალიზაციის შანსი მოხუცებს თემქის ხანდაზმულთა პანსიონატშიც ეძლევათ. თუმცა ბოლო ერთი თვეა, ისინი მაინც განსაკუთრებული სიხარულით ელიან ოთხშაბათი დღის დადგომას, როცა პანსიონატში 16 წლის ირაკლი დვალიშვილი მივა. ირაკლიმ თემქის პანსიონატში სიარული თავისი სურვილით დაიწყო. როგორც თვითონ ამბობს, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბებიას ინსულტი დაემართა და მის მოვლაში დედას თვითონაც ეხმარება. პანსიონატში რამდენიმე სტუმრობის შემდეგ მან საერთო თენგიზ ხეჩიაშვილთან იპოვა. ხეჩიაშვილის შვილიშვილები რუსეთში ცხოვრობენ. ამიტომ იმ დანაკლისს, რაც ბაბუას შვილიშვილების შორს ყოფნის გამო აქვს, ირაკლისთან ურთიერთობით ივსებს.
„ამ მოხუცმა მითხრა, 34-ჯერ ვარ პარაშუტიდან გადმომხტარიო და ძალიან დამაინტერესა. მეც მიყვარს ასეთი რაღაცები. მინდა, მეც გადმოვხტე, - ამბობს ირაკლი,  - აქ სიარული ძალიან მომწონს, მიყვარს მოხუცები და ბევრს ვსწავლობ მათგან. ვისაც საკუთარი არ ჰყავს, შვილიშვილადაც კი მთვლის. ჩემი ბებია რომ აქ იყოს, რატომ დამწყდებოდა გული? ისე ხშირად ვერ ვიქნებოდი მასთან, როგორც სახლში ვარ. მოხუცებს შვილიშვილებთან ყოფნა უნდათ".
უკვე თვეზე მეტია, რაც ირაკლი ყოველ ოთხშაბათს დოლიძის ქუჩიდან თემქაზე ადის და მოხუცებთან სამ საათს ატარებს: უსინათლოებს პრესას უკითხავს, ზოგს სპორტზე ესაუბრება და ნარდსაც ეთამაშება.


მიგრაციის გავლენა ხანდაზმულებზე

როგორც შიდა, ასევე გარე მიგრაცია ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
სოფლიდან ქალაქში  წასულ შვილებს მშობლების მარტო დატოვება უწევთ. ახალგაზრდების ნაწილი დედაქალაქში სასწავლებლად მიდის, ნაწილი - სამუშაოდ. მშობლებს კი  საკუთარი სახლის და იქ  აწყობილი მეურნეობის დატოვება არ სურთ. დედაქალაქში  მათი ჩამოსვლა უფუნქციოდ დარჩენის საფრთხეს ქმნის. თუმცა, არც შვილებისგან შორს ყოფნა რგებს მათ ემოციურ მდგომარეობას.
საქართველოში მიგრაციის გავლენებს ხანდაზმულებზე მიგრაციის მკვლევარი, მიქაელა ვანორი სწავლობს. კვლევა საწყის სტადიაშია, 2 წელს უნდა გაგრძელდეს  და 4 ათასი ადამიანი გამოიკითხოს.  თუმცა აქამდე მოპოვებული მასალა ვანორს აძლევს საშუალებას, გარკვეული ტენდენცია უკვე გამოყოს: მან უკვე იპოვა 30 ხანდაზმული თბილისში, რომლებსაც შვილებმა სახლი და სხვა სახის ქონება გაუყიდეს, თვითონ საზღვარგარეთ გადაიხვეწნენ, მიტოვებულ  მშობლებს კი არც ფულს უგზავნიან და არც ურეკავენ. ეს 30 ხანდაზმული ამჟამად ხანდაზმულთა თავშესაფარ „კათარზისში" ცხოვრობს.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქართველ ემიგრანტთა რიცხვი 1 მილიონ 500 ათასს აღწევს. მიგრაციაში მოსახლეობის ყველაზე შრომისუნარიანი ნაწილი მიდის. სწორედ ამიტომ, მიქაელა ვანორის თქმით, მიტოვებულ ხანდაზმულებზე ზრუნვა უფრო ხილული პრობლემა მომავალში გახდება.
„ხშირ შემთხვევაში, მოხუცებს სწორედ შვილების ახლოს ყოფნა აკლიათ. სტრესი, მიტოვებულობის განცდა, სტიგმა, რომელიც ტრადიციულ საზოგადოებაში შვილების მიერ მშობლის მიტოვებას უკავშირდება, ძალიან მაღალია, - აღნიშნავს ვანორი, - როცა საზოგადოებაში საოჯახო კავშირები მყარია, ივარაუდება, რომ შვილები და შვილიშვილები შენთან ახლოს უნდა გყავდეს. საზღვარგარეთ წასულებს კი ხშირად, შვილებიც თან მიჰყავთ და სწორედ ამით ირღვევა ბებია-ბაბუებისა და შვილიშვილების კავშირი - ის, რაც ტრადიციულ საზოგადოებაში ასე მნიშვნელოვანია", - ამბობს მკვლევარი.
ცირა გვასალია    

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>