http://www.awa.org.ge


 

საათები გარბიან, დღეები მიდიან, წლები კი მიფრინავენ... რთულია წარმოიდგინო, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა ჩვენც შევაბიჯებთ ცხოვრების ყველაზე მძიმედ ასავლელ საფეხურებზე, რომელთაც წარსულის ნოსტალგიით, ოხვრითა და სინანულით ავივლით... ამას სიბერე ჰქვია და დამერწმუნებით ალბათ, რომ ახალგაზრდობაში არც ერთ ჩვენგანს არ სურს იფიქროს ბუნების ამ კანონზომიერებაზე.

  ცხოვრება რთული ფენომენია, არავინ უწყის რა გველოდება ხვალ... თუმცა, ბრძენკაცის მიერ ბრძნულად ნათქვამი: „მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ჰყრიან“ არაერთგზის დამტკიცებულა თავად ცხოვრებისეული მაგალითებით... ამაში კიდევ უფრო დამარწმუნა ხანდაზმულთა ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ მეტად საჭირო პროექტებში მონაწილეობამ, მარტოხელა, უმწეო ადამიანებთან ურთიერთობამ... ბევრი მათგანი, მართლაც მეფურად ნაცხოვრებია, მაგრამ დროს ისე გადაუთელავს, პაიკისოდენი ძალაც აღარ შერჩენია და დარჩენილ წლებში მხოლოდ უიმედობას, მხოლოდ უძლურებას ხედავს...

ძაღლური ცხოვრების მსხვერპლის ოთხფეხა მეგობრის ერთგულება

 ნინა ჩუტიევა ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ყოფის მქონე ბენეფიციარი გახლდათ, იგი სახანძრო სამსახურის მახლობლად გაუქმებული ობიექტის ერთ მიტოვებულ საყარაულო ჯიხურში ცხოვრობდა თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად, მისი ერთადერთი იმედი ღმერთი და ის კეთილი ადამიანები გახლდათ, ასოციაციაში მოსულს რომ ხვდებოდნენ, ამხნევებდნენ და სიცოცხლის ძალას ჰმატებდნენ... გვევედრებოდა დავხმარებოდით და როგორმე წმინდა ეკატერინეს სახელობის ბათუმის სათნოების სავანეში დაედო ბინა... სამწუხაროდ, ქალბატონი ნინა არც პირველი იყო და არც უკანასკნელი... ბათუმის სათნოების სავანე კი მხოლოდ 113 მოხუცს იტევს, თანაც 2011 წლის მარტიდან აქ მხოლოდ ბათუმელებს იღებენ. რადგან ამოდენა ქალაქს მხოლოდ ერთადერთი მსგავსი ტიპის დაწესებულება გააჩნია, ვიცოდით თუ როგორი რთული იყო მისთვის ამ პრობლემის გადაწყვეტა, პრაქტიკულად ვერაფერს ვპირდებოდით... აკი გითხარით, რომ ქალბატონი ნინა არც პირველი იყო და არც უკანასკნელი... გვქონდა ერთადერთი იმედი, რომ როგორც ჩვენი ერთი ბენეფიციარის - სვეტლანა ვართანოვას შემთხვევაში, კვლავ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და შესაბამისი სამსახური დაგვიდგებოდა გვერდში, მაგრამ აღარ დაგვცალდა... ამ რამდენიმე ხნის წინათ ნინა ჩუტიევა თავის პატარა ჯიხურში გაყინული იპოვეს... ერთგული ოთხფეხა მეგობარი კი მესამე თვეა ჯიხურს დარაჯობს და ამაოდ ელის მოხუცებულ პატრონს... მას ახლა, იქვე მდებარე `ვისოლის~ გასამართი სადგურის თანამშრომლები აპურებენ...

თავშესაფარი - არასასურველი იძულება...

 ჩუტიევა ერთი კონკრეტული მაგალითია, ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ქეისებს კი დღითი დღე ემატება სიცოცხლის ანალოგიური აღსასრულისთვის განწირული მოხუცების პირადი საქმეები, მაგრამ იმის გამო, რომ ქობულეთში არ არსებობს მოხუცთა სავანე, ჩვენ პრაქტიკულად ხელ-ფეხ შეკრულები ვრჩებით...  

 სამი წელია, რაც ქობულეთში ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით არა ერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა,  ორგანიზაცია ას ოცზე მეტ ბენეფიციარს აერთიანებს, მათი უმრავლესობა მარტოხელა, უმწეო, უსახლკარო მოხუცებია, მართალია, უპოვართა სასადილო მათთვის დიდი შვებაა, მაგრამ ამ ადამიანებს არ გააჩნიათ მთავარი - ოჯახური სითბო. ისინი ჩვენს ოფისში ხშირად იკრიბებიან და მათ თითოეულ სიტყვაში უიმედობა, მომავლის შიში იკითხება, ეს ადამიანები საზოგადოების მხარდაჭერას საჭიროებენ, მათთვის აუცილებელი გარემოს ჩამოყალიბება ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ სრულიად სამართლიანად ითხოვენ ქობულეთში სათნოების სავანის გახსნას.   

 არ გვინდა ისე გაგვიგოთ, რომ ყველა მოხუცი მაინცდამაინც თავშესაფარში უნდა მოვათავსოთ, აქ ხაზს ვუსვამთ უსახლკარო ადამიანებს, რომელთათვის თავშესაფარი მხოლოდ იძულება და გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ვეთანხმებით აზრს, რომ ხანდაზმული ადამიანები საკუთარ ოჯახში, საკუთარ ჭერქვეშ უნდა ცხოვრობდნენ, სადაც სრული ოჯახური იდილია და ჰარმონიაა თაობებს შორის, თუმცა, ყველგან რომ ასე არ არის ერთი კონკრეტული მაგალითიც მოწმობს: სოფ. აჭში მცხოვრები მურად ც-ძე ყოველდღე ფეხით 5 კილომეტრს გადის, რათა ოზურგეთში თავისი ნახელავი ჩაიტანოს, იგი პრაქტიკულად შიმშილობს, იატაკის საწმენდ ჯოხებს ამზადებს და ჰყიდის, რათა თავი დაირჩინოს... მას არავინ უვლის, ამიტომ დაუბანელ-დაუვარცხნელი გადის პურის ფულის საშოვნელად... 5 შვილის მამაა, მეუღლეც ჰყავს, მაგრამ ოჯახში იმდენად აუტანელი სიტუაცია აქვს, ყველამ მოიძულა და თავშესაფარში მოხვედრას ნატრობს. შვილები დაოჯახებულები არიან, თუმცა მოხუც დედ-მამას არ უყურებენ, პირიქით, ერთ-ერთი შვილი დედას აგინებს და სიმწრით ნაშოვნ გროშებს ძალით ართმევს.

 - ოზურგეთიდან სახლში ერთი პური ყოველთვის თან მიმაქვს, საგულდაგულოდ ვმალავ, რომ არ შემიჭამონ, თორემ მერე მშიერი დავრჩები, - გვეუბნება ბატონი მურადი, თუმცა არც ფოტოს გადაღებაზე გვთანხმდება და არც თავისი ვინაობის გამომზეურებაზე, მას არ სურს თავისი ოჯახური პრობლემები „ქვეყანამ გაიგოს“...

 ასეთი შემთხვევები არც თუ იშვიათია. ზედმეტ ტვირთადქცეული მოხუცები ოჯახში უკიდურეს დამცირებასა და სისასტიკეს იტანენ, მაგრამ ოჯახის ამბების სააშკარაოზე გამოტანას ერიდებიან, შვილებს სალანძღავად ვერ იმეტებენ და მზად არიან ყველაფერს `გმირულად~ გაუძლონ, არადა, ქობულეთს მსგავსი არა ერთი მაგალითი ახსოვს, უფრო მეტიც, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა მშობლები შვილების მსხვერპლნი ხდებიან. მაგრამ მოხუცები სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვაზე უარს ამბობენ, ოჯახური ძალადობის სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავენ და მოთმენას ამჯობინებენ. ამ მიდგომას ქობულეთის პოლიციის უფროსისაგან გამოგზავნილი წერილიც ადასტურებს, სადაც ბატონი დავით ბეჟანიძე გვწერს, რომ უახლოეს წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ოჯახში მოხუცებზე ძალადობის ფაქტებზე მოქალაქეებს ქობულეთის რაიონული სამმართველოსთვის არ მიუმართავთ.

 საკითხის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება აქვს ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ თავმჯდომარე ნანა კალანდაძეს:

 - ქართული ტრადიციის  თანახმად, რაც განსაკუთრებით რეგიონებშია შენარჩუნებული, ერთ ოჯახში რამდენიმე თაობა ცხოვრობს, მოხუცი მშობლების თავშესაფარში გაგზავნა წარმოუდგენელი და მიუღებელია, მაგრამ სამწუხაროდ, სიტუაცია იცვლება და მოხუცთა თავშესაფარზე მოთხოვნა იზრდება. მიზეზი სხვადასხვაა, ზოგი უსახლკაროა და საკუთარი ღამის გასათევი არ გააჩნია, ზოგი კი ოჯახურ ძალადობას გამოექცა და მოხუცის ცხოვრება გაუსაძლისია საკუთარ ნაშრომ და ნაწვალებ ოჯახში. ზოგიც მარტოხელაა და საკუთარ თავზე ზრუნვა არ შეუძლია. მარტოხელა მოხუცები კი დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფენ საკუთარ სიბერეს, რადგან მათი პენსია საარსებო მინიმუმზე ბევრად დაბალია.

 ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში ხშირად მოდიან მოხუცები რომელთაც მოხუცთა თავშესაფარში მოთავსება სურთ, მაგრამ თავშესაფარში რომელიც ბათუმში მდებარეობს არც ფიზიკური ადგილია იმისთვის, რომ ხანდაზმული მიიღონ და არც ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან იღებენ მოხუცებს. მაგალითისთვის ჩვენს ერთ ბენეფიციარს - სვეტლანა ვართანოვას დაგისახელებთ, რომლის თავშესაფარში მოწყობას უამრავი ადამიანის შეწუხებასთან ერთად უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა.

 ადამიანი სიბერეში უნდა იყოს სოციალურად დაცული და ეკონომიურად უზრუნველყოფილი. ამავე დროს მას უფლება უნდა ჰქონდეს  დარჩეს მისთვის მისაღებ გარემოსა და პირობებში, სადაც ის იძენს სულიერ სიმშვიდეს და სოციალურ თანადგომას.

რას გვეუბნება სტატისტიკა?!.

 მოხუცთა სახელმწიფო პანსიონატებში მცხოვრები თითოეული მოხუცისთვის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ბიუჯეტიდან წელიწადში 600 ლარს გამოყოფს და მოხუცებს დამატებით არაფრის გადახდა აღარ სჭირდებათ. თუმცა, კანონის თანახმად, ამ თანხის მიმღები აუცილებლად სოციალურად დაუცველი პირი უნდა იყოს. ფაქტია, რომ გაძვირებულ ფასებთან და, რაც მთავარია, სიბერის თანმხლებ დაავადებებთან გამკლავება, მხოლოდ საკუთარი პენსიით, ანუ თვეში საშუალოდ 100 ლარით, ნებისმიერი მოხუცს უჭირს.

 ეს კიდევ უფრო გართულდა  2011 წლიდან, რაც სახელმწიფო პროგრამის საკმაოდ გრძელი სათაური - "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამა" - ერთი სიტყვით შემოკლდა: პროგრამის სახელწოდებიდან ამოვარდა სიტყვა "ხანდაზმული". მცირედი ლექსიკური ცვლილების გამო მოხუცების დაცვა კანონიერ ჩარჩოებს გასცდა და ახლა სახელმწიფოს ზრუნვა მოხუცებზე მხოლოდ იმ 600 ლარით გამოიხატება, რომელიც პანსიონატში მცხოვრებ თითოეულ მოხუცზე წელიწადში იხარჯება.

ტრადიციების კვალდაკვალ...

 ბევრი ხანდაზმულისთვის, რომელიც სიბერეში სხვადასხვა მიზეზის გამო, მარტო დარჩა, თავშესაფარში გადასვლა არის არა მხოლოდ მარტოობასთან გამკლავებისა და ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნების შანსი, არამედ, პირველ რიგში, კვების, ღამის გასათევისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური პაკეტის მოპოვების საშუალებაც.

 80-იან წლებში, საქართველოს თერაპიის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა, რომ ქართველი მოხუცის დღეგრძელობა პირდაპირ კავშირშია მის საცხოვრებელ ადგილთან: საკუთარ ოჯახში მყოფი  მოხუცი უფრო დიდხანს ცხოვრობს, ვიდრე ის, ვინც ნაჩვევ გარემოს მოშორებულია.

 - კავკასიაში მიღებულია, რომ მოხუცი შვილებთან, შვილიშვილებთან უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ მათთვის ზედმეტ ტვირთად არ უნდა იქცეს,  - ამბობს გერონტოლოგი, ტატიანა ზუბიაშვილი (ჟურნალი „ლიბერალი“), - შვილი ვალდებულია, მოხუც მშობელს დაუბრუნოს ის ამაგი, რაც დედ-მამამ ახალგაზრდობაში გასწიეს.

 წლების განმავლობაში მკაცრად გაწერილი ურთიერთობების გამო ბუნებრივია, მშობლის თავშესაფარში გაგზავნა ბევრი შვილისთვის სინდისის ქენჯნის მიზეზი ხდება, აჭარაში კი, თითქმის მიუღებელ, წარმოუდგენელ საქციელად ითვლება. ზოგადად, კავკასიური და მათ შორის, ქართული წეს-ჩვეულებების მიხედვით, ჩვენთან დღემდე ნორმალურად ითვლება ის, რომ ერთ ჭერ-ქვეშ ცხოვრობდნენ ოჯახის სამივე თაობის წარმომადგენლები. შესაბამისად, ასეთ საზოგადოებაში პანსიონატში გადასვლა საყოველთაოდ მიღებული ნორმის დარღვევად ითვლება და ხანშიშესული ადამიანებისთვის ისეთ ფსიქოლოგიურ ტრავმას იწვევს, რომ შეიძლება, მათ დღეგრძელობაზეც იმოქმედოს.

 ფონდ "თაობის" დირექტორი უჩა ვახანია (ჟურნალი „ლიბერალი“) საქართველოში შინმოვლის კოალიციას ხელმძღვანელობს და ფიქრობს, რომ ჩვენთან ხანდაზმულთა კერძო პანსიონატების მომრავლების ნაცვლად, სახელმწიფო რესურსის დიდი ნაწილი მოხუცთა შინმოვლის სამსახურის განვითარებაზე უნდა დაიხარჯოს.

 - მინახავს კარგი თავშესაფრები, მაგრამ იქ ბედნიერი სახეები - არა. ბედნიერება მოხუცისთვის მხოლოდ საკუთარ სახლშია, მოხუცი ავადმყოფის მოვლა "ოჯახის ღირსებაა" - აცხადებს ვახანია.

მაინც ოქროს გალია...

 ბათუმში დღეს არსებობს ადგილი, სადაც ყველაზე ბევრი ხანშიშესული, ბედის ანაბრად დარჩენილი ადამიანი ცხოვრობს. ეს ადგილი წმ. ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეა, რომელიც 1995 წლიდან ფუნქციონირებს. ნინოშვილის ქუჩაზე ორსართულიანი, კეთილმოწყობილი სახლის მომსახურე პერსონალი კი თავდადებით ცდილობს სითბო და მზრუნველობა არ მოაკლოს მათ. 

 აღსანიშნავია, რომ სავანეში მოხუცები უქმად არასდროს არიან. არსებობს მოხუცთა ფოლკლორული ანსამბლი "სათნოება". აქ მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი ნიჭი გამოავლინოს. მღერიან, ცეკვავენ, უკრავენ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე. გარდა ამისა, ბევრი მათგანი თიხაზე მუშაობას, ძერწვას და ქსოვას სწავლობს. მოხუცები კერამიკის ნაკეთობებს ამზადებენ, გამოფენებს ატარებენ და ამით ცხოვრებას იხალისებენ.

 გუგული ასამბაძე 76 წლისაა და სავანეში ცხოვრების 6 წელი უსრულდება. იგი წარსულს არ იხსენებს და ამბობს, რომ აქ ცხოვრება ძალიან მოსწონს. მასთან ერთად სავანის სხვა ბინადრებიც მადლიერები არიან აქ ცხოვრებით. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ცრემლებს ვერ მალავს, მისთვის აქ ცხოვრება იძულებაა, მაგრამ შვილებისა და შვილიშვილების სახელს უფრთხილდება და ცრუობს, რომ აქ მოსვლა თვითონ გადაწყვიტა...

რას ფიქრობს ხალხი?!.

 ომარ ჩხაიძე: - აჭარა ტრადიციული კუთხეა, აქ კარგად იციან უფროსისა და უმცროსის ცნობა, მაგრამ საუბედუროდ არიან ოჯახები, სადაც ხანდაზმულები ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. არ ხმაურდება ეს ფაქტები, რადგან სირცხვილად მიიჩნევენ, არავის სიამოვნებს საზოგადოებაში ამ პრობლემის გარჩევა, ამიტომ ჩვენმა მოხუცებმა თავი მარტოსულად რომ არ იგრძნონ, აუცილებელია მოხუცთა თავშესაფარი.

 ირინა სტამბოლიშვილი: - ჩვენს ქალაქში ნამდვილად არის ისეთი ოჯახები, სადაც ძალიან ხშირია მოხუცებზე ძალადობის ფაქტები, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს, რადგან დიდ სირცხვილად ითვლება. მივესალმები მოხუცთა თავშესაფრის შექმნას, სადაც ხანდაზმულები შეიკრიბებიან და თავს უფრო დაცულად იგრძნობენ.

  ანტონინა ჟილცოვა: - აუცილებელია ქალაქში იყოს მოხუცთა თავშესაფარი, რადგან დავეხმაროთ მოხუცებს, შევუქმნათ მათ სასურველი გარემო. ბევრი მოხუცია, რომელიც თავს მარტოსულად გრძნობს. მე, პირადად ირგვლივ მყავს მარტოხელა მოხუცები, რომლებსაც ხშირად ვეხმარები.

 ირინა ვაჩეიშვილი: - ბევრია ისეთი მოხუცი, რომლებსაც უთანხმოება აქვთ ოჯახის წევრებთან. ხშირია დედა-შვილს, რძალსა და დედამთილ-მამამთილს შორის დაპირისპირება, ამიტომ სჯობს ქალაქში იყოს ისეთი დაწესებულება, სადაც მოხუცი თავს უკეთ იგრძნობს და თანატოლების გვერდით იქნება...

  მზევინარ სურმანიძე: - პირადად მსმენია არა ერთი ოჯახის შესახებ, სადაც იჩაგრებიან მოხუცები, თუმცა, ისინი არასდროს საუბრობენ თავიანთ მძიმე მდგომარეობაზე, რადგან მშობელს თავისი შვილი ყოველთვის ეცოდება და მის საქციელს საზოგადოებისთვის განხილვის თემად არასდროს გახდის. ასეთ კატეგორიას თავშესაფარში წასვლის საშუალება რომ მიეცეს, აუცილებლად წავა.

და... მაინც...

 საბოლოო ჯამში ალბათ უნდა შევთანხმდეთ მკითხველო, რომ მოხუცთა თავშესაფარი აუცილებლობას წარმოადგენს, მაგრამ იქ ცხოვრება მავანთათვის იძულება არ უნდა იყოს. ასეთი სახლები ძირითადად მარტოხელა, უმწეო მოხუცებზე უნდა ზრუნავდნენ და იქ ხანდაზმულები ჯიპებითა და სხვა სახის „ინომარკებით“ არ უნდა მიჰყავდეთ შვილებს... ქობულეთს ერთი ისეთი ფაქტიც ახსოვს, თუ როგორ დაასრულა დარდსა და ჯავრში საკუთარი სიცოცხლე ბათუმის სათნოების სავანეში იძულებით მიბარებულმა ერთი ძალიან ცნობილი ოჯახის დედამ...

 - ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ცივილიზებული ტენდენციებიდან თუ მუნიციპალიტეტში შექმნილი სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, მოხუცთა თავშესაფრის არსებობას საჭიროდ მიიჩნევს, მაგრამ ეკონომიკური კლიმატის გათვალისწინებით ჯერჯერობით არსებული რესურსებით მსგავსი დაწესებულების დასაარსებლად შესაბამისი სახსრების გამოყოფას ვერ ახერხებს. დღეის მდგომარეობით წარმოდგენილი საზოგადოებრივი ფენისთვის მუნიციპალური სუბსიდიებით მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში მხოლოდ სხვადასხვა სახის, ერთჯერადი თუ ყოველთვიური დახმარებაა გათვალისწინებული, რაც რა თქმა უნდა, პრობლემის მოგვარებისთვის არასაკმარისია.

 მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლობა მიესალმება ქობულეთში მოხუცთა თავშესაფრის არსებობის იდეას, მხარს უჭერს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას და თვლის, რომ თავშესაფრის დაარსება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქალაქის, რეგიონისა და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

ეპილოგის მაგიერ...

 მოკლედ, კაცია და ბუნება, ევროპელი მოხუცების უმრავლესობა მოხუცთა სახლებს საკუთარი სურვილით აკითხავს, ჩვენთან კი ეს „პატრონიანი“  ხანდაზმულისთვის უკიდურესად სამარცხვინო საქმედ ითვლება... გასაგებია და უნდა დავეთანხმოთ წერილში მოყვანილ მოსაზრებებს, რომ ადამიანი საკუთარ ჭერქვეშ უნდა დაბერდეს, იმათზე კი ვისაც ჭერი არ გააჩნია და არც მომვლელი შერჩენია, ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს? სწორედ ამიტომ მიგვაჩნია აუცილებლად ქობულეთში მსგავსი ტიპის დაწესებულების გახსნა, მითუმეტეს, წერილის მზადების პროცესში არა ერთი მარტოხელა მოხუცი ვნახეთ, რომლებსაც წერილის დასაწყისში ნახსენები გარდაცვლილი ჩუტიევას მსგავსად, ჯიხურსა თუ მიწურში გაძაღლებულ ცხოვრებას, დარჩენილი წლების სავანეში უზრუნველად გატარება ურჩევნია.  

 დასასრულ ჩვენი გაზეთის ფურცლებზე დაბეჭდილ რეპორტაჟს შეგახსენებთ, რომელიც ამ ორიოდ წლის წინ მოვამზადეთ ბათუმის წმ. ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანიდან, იქ დღესაც ბევრი ქობულეთელი მოხუცი ცხოვრობს, მათ შორისაა 95 წლის მემედ ტაკიძეც, რომელსაც სოფელ ალამბარში სახლიც აქვს და კარიც, მაგრამ არ ჰყავს ყველაზე ძვირფასი - ახლობელი ადამიანები, რომელთაც საკუთარ ტკივილსა და სიხარულს გაუზიარებს, ამიტომ სავანეში თავისი სურვილით წავიდა, როცა სახლი მოენატრება მიდის, ნახავს, მოისიყვარულებს და ისევ უკან ბრუნდება, სხვათაშორის, მასზე წერილის დაბეჭდვის შემდეგ, მემედ ბაბუა ძველი ამბებით, სითბოთი და სიყვარულით დატვირთული, ხშირად შემოგვიღებს ხოლმე რედაქციის კარსაც...

ჯემალ მეგრელიძე,

 გაზეთი ‘’ჩემი ქობულეთი~ 2012 წლის 3 აპრილი #12(170)

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის ‘’ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი~ ფარგლებში. სტატიაში განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს დონორი ორგანიზაციის მოსაზრებებს.  

 

 

 

 

 

   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>